
ფინეთმა გამოაცხადა უკრაინის მე-12 სამხედრო დახმარების პაკეტი, რომელიც რამდენჯერმე აღემატება დახმარების ყველა წინა პაკეტს. ინფორმაციას უკრაინული მედია ფინეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ცნობებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება ფინეთის პრეზიდენტმა 19 იანვარს მთავრობის წინადადების საფუძველზე მიიღო. ახალი დახმარება 400 მილიონ ევროზე მეტი ღირებულებისაა.
"თავდაცვითი მასალის ამჟამინდელი პაკეტი აშკარად ყველაზე დიდია, რაც ამ დრომდე მიგვიწოდებია. ფინეთი აწვდის მძიმე არტილერიასა და საბრძოლო მასალებს უკრაინას", - თქვა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა მიკო სავოლამ.
უსაფრთხოების მიზნით, პაკეტის დეტალური შინაარსი და ამ იარაღის უკრაინაში ჩასვლის სავარაუდო დროზე ცნობები არ ვრცელდება.
ცნობისთვის, მთელი იმ დახმარების სავარაუდო ღირებულება, რომელიც ფინეთმა გაუწია უკრაინას სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ამ პაკეტთან ერთად, 590 მილიონი ევროა.