"მეგობარი დაინახა ძირს ეგდო, დასახმარებლად ჩავიდა და ამასაც ესროლა" - პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

საგარეჯოს პოლიციის განყოფილებაში გამოკითვები გრძელდება. თითქმის 13 საათია გამომძიებლების კითხვებს თავდამსხმელის ოჯახის წევრები პასუხობენ. განყოფილებაშია საქმის "ოქროს მოწმე" 19 წლის ნიკოლოზ ათუაშვილი, რომელმაც სროლის დაწყების შემდეგ თავს გაქცევით უშველა. მასთან ერთად იმყოფება დედა და დაც.

ასევე იკითხვებიან ტრაგედიის უშუალო თვითმხილველები, მეზობლები და ისინი ვინც დაჭრილთა გამოყვანას ცდილობდა. მათ უკვე მისცეს ჩვენება და პოლიციის ტერიტორიაც დატოვეს. 

"შეესწრო, ჩავიდა დასახმარებლად, ბიჭი მეგობარი იყო. დაინახა, რომ ძირს ეგდო, ჩავიდა, რომ მივეხმაროო და ამასაც გაუხსნა ცეცხლი. ის დაიღუპა, ისინი დახოცილები იყვნენ. ჩემმა დამ დამირეკა დისშვილს რომ ესეთი ამბავი მოუხდა, ტყვია მოხვდა ამასაც, ნასროლი ტყვია, რომ ჩავიდა მისახმარებლად მეგობრისა, ამასაც გაუხსნა ცეცხლი",- ამბობს ერთ-ერთ თვითმხილველის ბიძა. 

საგარეჯოს პოლიციის განყოფილებიდან უკვე გამოიტანეს ნივთმტკიცებულებები. 

ცნობისთვის, 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა.

თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, ნოდარ ათუაშვილია. შემთხვევის დროს მასთან ერთად ბინაში იმყოფებოდა მისი შვილი, რომელიც გამოძიების "ოქროს მოწმეა". 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი