კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქალაქის ცენტრში არსებული 1 300 კვადრატულ მეტრ მიწის ფართობს “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულ პირებს გადასცემს. ფაქტს ოპოზიცია აპროტესტებს და საკრებულოს თავმჯდომარეს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს.
ოპოზიციის წარმომადგენელი გაძლიერებულმა დაცვამ საკრებულოში არ შეუშვა, რის შემდეგაც ნუგზარ ნონიაშვილმა კედელზე საღებავით წარწერა დატოვა - “გამყიდველი ლეონიძე”.
კასპის საკრებულოს მთავარ შესასვლელ კარზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა სტიკერები წარწერით "ესენი იპარავენ" გააკრეს.
ამ წარწერების გაკეთებამდე მცირე ინციდენტი მოხდა, როდესაც საკრებულოს დაცვის თანამშრომლებi ნუგზარ ნონიაშვილსა და სხვა მოქალაქეებს შენობაში არ უშვებდნენ. ადგილზე მობილიზებული იყვნენ დაცვის პოლიციის თანამშრომლებიც.
ის არის მოქცეული მარწუხებში მეზურნიშვილის, მაჟორიტარის და ასევე შიდა ქართლის გუბერნატორის, ხოჯევანიშვილის. მე ამასთან დაკავშირებით კითხვები მინდა დავუსვა ბატონ ლეონიძეს, - აცხადებს ნუგზარ ნონიაშვილი.
“ნაციონალური მოძრაობის” კასპის ორგანიზაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ფართობი, რომლის გასხვისებაც საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით იგეგმება, საპარკინგე-საფეხმავლოა და განკუთვნილია ავტოსადგურის მშენებლობისთვის. მისი მტკიცებით, კორონაპანდემია ადგილობრივმა ხელისუფლებამ საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენა და ამ ხნის განმავლობაში უამრავი კორუფციული გარიგება დადო.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში შესვლა ყოველგვარი დასაბუთების გარეშე აკრძალული აქვთ.