კვანტალიანის სახელობის სისხლის ბანკი მოქალაქეებს სთხოვს, საგარეჯოში დაჭრილებისთვის სისხლი ჩააბარონ

გამოქვეყნდა:

კვანტალიანის სახელობის სისხლის ბანკის განცხადებით, საგარეჯოში მომხდარი სროლის დროს დაშავებულებს დიდი რაოდენობით სისხლი ესაჭიროებათ. ორგანიზაცია მუშაობას განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის და მოქალაქეებს სთხოვს სიხლი ჩააბარონ.

"ძვირფასო მეგობრებო! უდიდესი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს საგარეჯოში დაჭრილებს ესაჭიროებათ სისხლი დიდი რაოდენობით. ჩვენი ბანკი გადადის მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე. ვიმუშავებთ შაბათს და კვირას. გთხოვთ მობრძანდეთ და გვერდში დავუდგეთ ჩვენს თანამოქალაქეებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ცნობისთვის, 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა.

თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, ნოდარ ათუაშვილია. შემთხვევის დროს მასთან ერთად ბინაში იმყოფებოდა მისი შვილი, რომელიც გამოძიების "ოქროს მოწმეა". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი