
შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ჰკითხეს, მხარს უჭერს თუ არა უკრაინისთვის Leprad-ის ტიპის ტანკის მიწოდებას, რაზეც ბაიდენმა უპასუხა, რომ უკრაინა რუსეთთან საბრძოლველად "ყველა საჭირო დახმარებას მიიღებს".
რამშტაინის სამიტზე უკრაინისთვის Leopard-ის ტანკების მიწოდებაზე ვერ შეთანხმდნენ. პოლონეთმა და ფინეთმა ამ ტიპის ტანკების უკრაინისთვის გადაცემაზე მზაობა უკვე გამოთქვეს, თუმცა ტანკები გერმანული წარმოებისაა, ამიტომ გაგზავნისთვის მათ გერმანიის ნებართვა სჭირდებათ. მიუხედავად ამისა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ვარშავამ უკრაინას ტანკები ნებართვის გარეშეც შეიძლება მიაწოდოს.
რამშტაინის შეხვედრამდე დასავლური მედია წერდა, რომ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აშშ-ის პრეზიდენტს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ გერმანია უკრაინისთვის Leopard-ების გადაცემას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ამერიკა უკრაინას Abrams-ის ტიპის ტანკებს გადასცემს.
რამშტაინის შეხვედრა 20 იანვარს გაიმართა. ჟურნალისტებთან აშშ-სა და გერმანიის თავდაცვის მინისტრებმა უარყვეს, რომ Leopard-ის გადაცემას, რაიმე კავშირი აქვს უკრაინისთვის M1 Abrams-ის ტანკების გადაცემასთან.
თავად გერმანიის კანცლერმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით გერმანია მარტო არ იმოქმედებს. რამშტაინის შეხვედრისას ჟურნალისტებთან საუბრისას გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კი თქვა, რომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდებაზე ბერლინი ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი არაა. მისი თქმით, თუ მოკავშირეები კონსენსუსს მიაღწევენ, გერმანია მზადაა, კიევისთვის ტანკების ტანკების მიწოდება დააჩქაროს.