ამ პროცესის ავტორები არიან ბატონი მერაბიშვილი და ბატონი კეზერაშვილი - ნიკა მელია ენმ-ში მიმდინარე მოვლენებზე

გამოქვეყნდა:

ენმ-ს მოქმედი თავმჯდომარე და თავმჯდომარეობის კანდიდატი ნიკა მელია ამბობს, რომ ის პროცესები რაც ახლა ენმ-ში ხდება, თავიდან ბოლომდე ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის გამოწვეულია. "შაბათის მთავარის" ეთერში, პირდაპირი ჩართვისას, მელიამ განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც ენმ სულ სხვა პროცესისთვის ემზადებოდა და მოახლოებული იყო მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები, 9 ნოემბერს პარტიის ერთმა ნაწილმა თავმჯდომარის ვადამდელი არჩევნები მოითხოვა:

"მაშინ როდესაც სულ სხვა პროცესისთვის ემზადებოდა პარტია ნაციონალური მოძრობა, ამის თაობაზე შიგნით ჩვენ ვსაუბრობდით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინება უკვე ხდებოდა ძალიან აქტიურ ფაზაში და კარს მოახლოებული იყო სასამართლო პროცესები და პარტიას საერთო გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო, თუ რა იქნებოდა ის გადაწყვეტილება, როდესაც პროცესი კულმინაციას მიუახლოვდებოდა, 9 ნოემბერს გააკეთეს მათ ის განცხადება, რაც გააკეთეს და მეორე დღიდანვე კანდიდატმა, ერთმა განსაკუთრებით, რომელიც არის წარმომადგენელი ვანო მერაბიშვილის და კეზერაშვილის ინტერესების, აირჩია ასეთი სტრატეგია. ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, აგერსიული..." ამბობს მელია. 

მისივე თქმით, მეორე მხარისგან არ მოუსმენია არც ერთი სიტყვა და არგუმენტი იმის საპირწონედ, თუ რას გააკეთებდნენ თავად, როდესაც პარტიის მოქმედ მენეჯმენტს უმოქმედობაში ადანაშაულებენ, ან რის გაკეთებას გეგმავენ მომავალში. ნიკა მელიას განცხადებით, მათი კამპანია ააწყვეს ნეგატივზე და ამის მაგალითად მელიამ გავრცელებული ფარული ჩანაწერებიც მოიყვანა:

"იმის ნაცვლად რომ ამ ადამიანს სინანული მაინც გასჩენოდა და თავის თავთან ეპოვა ძალა და მოქცეულიყო ადამიანურად, რაც გულისხმობდა მინიმუმ ვითარების არგამწვავებას, მან წამოიწყო ის იერიში, რაც წამოიყო და ეს პროცესი თავიდან ბოლომდე, 9 ნოემბერს რა განცხადებაც გაკეთდა, ამ დღის ავტორები გახლავთ ბატონი მერაბიშვილი და ბატონი კეზერაშვილი" ამბობს ნიკა მელია.

კითხვაზე, რა ინტერესები შეიძლება ჰქონდეთ კეზერაშვილსა და მერაბიშვილს, მელია ამბობს, რომ ეს შეიძლება იყოს ბიზნესინტერესი: 

"არიან ადამიანები, რომლებიც პარტია ნაციონალურ მოძრაობას უყურებენ როგორც ბიზნესპროექტს, რომლის გაკონტროლების შემთხვევაში, ხვალ თუ არა ზეგ, შესაძლებელია, მათი ინტერესები განვითარდეს. პოლიტიკური ინტერესი აბსოლუტურად უგულვებელყოფილია და წინა პლანზე არის წამოწეული ბიზნესინტერესი" ამბობს ნიკა მელია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი