
გერმანიის ახლად დანიშნული თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის თქმით, ის უახლოეს კვირებში უკრაინაში ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ პისტორიუსმა გერმანული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"მალე აუცილებლად წავალ უკრაინაში. ეს, ალბათ, უახლოეს 4 კვირაში მოხდება", - თქვა მან.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ინტერვიუში ასევე ისაუბრა უკრაინისთვის Leopard-ის ტანკების მიწოდებაზე და თქვა, რომ საკითხთან დაკავშირებით გერმანიას დიალოგი აქვს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან.
"იმისთვის, რომ კარგად მოვემზადო შესაძლო გადაწყვეტილებებისთვის, ჩემს განყოფილებას დავავალე, რომ გადაემოწმებინათ ყველაფერი, რათა დრო არ დავკარგოთ, თუ უარესი მოხდება", - თქვა მან.
Leopard-ის ტიპის ტანკები თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობაა, რომელიც რუსეთთან ომში კიევის ძალებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.
რამშტაინის სამიტზე უკრაინისთვის Leopard-ის ტანკების მიწოდებაზე ვერ შეთანხმდნენ. პოლონეთმა და ფინეთმა ამ ტიპის ტანკების უკრაინისთვის გადაცემაზე მზაობა უკვე გამოთქვეს, თუმცა ტანკები გერმანული წარმოებისაა, ამიტომ გაგზავნისთვის მათ გერმანიის ნებართვა სჭირდებათ. მიუხედავად ამისა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ვარშავამ უკრაინას ტანკები ნებართვის გარეშეც შეიძლება მიაწოდოს.
რამშტაინის შეხვედრამდე დასავლური მედია წერდა, რომ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა აშშ-ის პრეზიდენტს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ გერმანია უკრაინისთვის Leopard-ების გადაცემას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ამერიკა უკრაინას Abrams-ის ტიპის ტანკებს გადასცემს.
რამშტაინის შეხვედრა 20 იანვარს გაიმართა. ჟურნალისტებთან აშშ-სა და გერმანიის თავდაცვის მინისტრებმა უარყვეს, რომ Leopard-ის გადაცემას, რაიმე კავშირი აქვს უკრაინისთვის M1 Abrams-ის ტანკების გადაცემასთან.
თავად გერმანიის კანცლერმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით გერმანია მარტო არ იმოქმედებს. რამშტაინის შეხვედრისას ჟურნალისტებთან საუბრისას გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კი თქვა, რომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდებაზე ბერლინი ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი არაა. მისი თქმით, თუ მოკავშირეები კონსენსუსს მიაღწევენ, გერმანია მზადაა, კიევისთვის ტანკების ტანკების მიწოდება დააჩქაროს.