ანტიდასავლური რიტორიკით ცნობილი მოძრაობა "ხალხის ძალა" მორიგ განცხადებას ავრცელებს და ამეჯრად USAID-ის, კერძოდ კი მის კანონის უზენაესობის პროექტს - "პროლოგს" აკრიტიკებს. დეპუტატები ამტკიცებენს, რომ "პროლოგმა" 2015 წლის შემდეგ "სასამართლო სისტემაზე თავდასხმა" დაიწყო.
მათი აზრით, "სააკაშვილი-ადეიშვილის სასამართლოს მთავარ მფარველებს გაჯანსაღებული" სასამართლო სისტემა არ მოსწონთ, რისი მიზეზიც, პოლიტიკური ინტერესი.
"დღეს „პროლოგი“ ითხოვს უპრეცედენტო ცვლილებებს კანონმდებლობაში, რომელთა ერთადერთი მიზანი სასამართლო სისტემაზე ნაცმოძრაობის გავლენის დაბრუნებაა. შემოთავაზებულ ცვლილებებს შორის მთავარი ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობის წესია, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას სასამართლოსთან დაკავშირებულ საკადრო გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლებას ანიჭებს. [....]
არსებითად სწორედ „პროლოგის“ მეშვეობით ცდილობს საელჩო ქართულ სასამართლო სისტემაზე გავლენის მოპოვებას, რისი ერთ-ერთი მექანიზმიც ნაცმოძრაობასთან დაკავშირებული მოსამართლეების ამერიკული ვოიაჟებითა და მსგავსი ტიპის ღონისძიებებით პერმანენტული წახალისებაა. ამგვარ მოსამართლეებს შორის არიან, მაგალითად, ნინო ბაქაქური და მამუკა წიკლაური, რომელთაგან ერთი უხეში უდისციპლინობით, ხოლო მეორე სკანდალური გადაწყვეტილებებით გამოირჩევა", - წერია განცხადებაში.
დეპუტატების აზრითვე, "პროლოგის" დაფინანსებით წარმოებს "სასამართლოს მადისკრედიტირებელი პიარკამპანიები" და "ხორციელდება სასამართლო სისტემის ე.წ. კლანად ბრენდირება საბჭოური პროპაგანდის მეთოდებით".
"„პროლოგის“ დაუფარავი მცდელობა, შეაღწიონ სასამართლო სისტემაში და მასზე საელჩოს და ნაცმოძრაობის პოლიტიკური გავლენა აღადგინონ, საზოგადოებამ სათანადოდ უნდა შეაფასოს და მას ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები უნდა დაუპირისპიროს", - ამბობს "ხალხის ძალა".
მათივე თქმით, ამ თემაზე საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვიდან.