ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე პოლიცია გამოიძახეს. "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც სხდომაზე ხელფასების ზრდის საკითხი დააყენეს.
დარბაზიდან დეპუტატების გაყვანა დაცვის პოლიციამ და შსს გურიის კრიმინალური პოლიციის ძალის გამოყენებით სცადა. პოლიციამ თქვა, რომ ადგილზე შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ "საზოგადოებრივი წესრიგის" დასაცავად.
"ვინმემ ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენა? ვინმემ ვინმეზე ფიზიკურად იძალადა? ესე იგი თურმე განსხვავებული აზრის გამო აქ პოლიცია უნდა შემოვარდეს და ხელებგადაგრეხილი უნდა გაგიყვანონ, ესაა რეჟიმის სახე, რაც დღეს აქ ხდება", - თქვა ენმ-ს დეპუტატმა.
დაპირისპირების შემდეგ სხდომაზე კიდევ ერთი შესვენება გამოცხადდა.