
რუსეთისგან პროვოკაცია სავსებით შესაძლებელია, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა "მთავარ არხთან" ბოლო ინტერვიუში ისაუბრა.
"დღის სტუმარში" საუბრისას კონგრესმენმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ბოლო დროს, რეიტინგი საგრძნობლად დაუვარდა, იმის მიუხედავად, რომ ვლადიმერ პუტინმა პრეზიდენტობის ვადა გაიხანგრძლივა. შესაბამისად, კრემლის ლიდერისგან პროვოკაციებს უნდა ველოდოთ, ამბობს კონგრესმენი.
პროვოკაცია სავსებით შესაძლებელია. თუმცა, ეს იქნება საქართველო, უკრაინა თუ ბალტიისპირეთი, არ ვიცით. რაც შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა ევროპაში, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. მე სრულიად ვუჭერ მხარს საქართველოს ევროინტეგარციას. ეს რუსული თამაშის წესია: შექმნას დაძაბულობა, განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა საქართველოს საკითხი დროებით შეჩერდეს და უკან გადაიწიოს. ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ უნდა გახდეს საქართველო ნატოს წევრი, რადგან ის არის თავისუფლებისთვის მებრძოლი. საქართველო იბრძვის ჩვენთან ერთად ავღანეთში, რადგან ქართველ ხალს სურს ჰქონდეს დასავლური ორიენტაცია, ამიტომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭროთ მათ, - განმარტა კონგრესმენმა.
ადამ კინზინგერმა ანაკლიის პორტის შესახებაც ისაუბრა და პროექტის ჩაშლის გამო იმედგაცრუება გამოხატა.
მე ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლით და ვიმედოვნებ, რომ მას კარგი მომვალი ექნება და იქ არ განხორციელდება რუსული ივესტიცია, რადგან ეს გეოპოლიტიკის საკითხია. ჩვენ გვესმის საქართველოს მნიშვნელობა, - აღნიშნა მან.