თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ საჯარო მოხელეებისთვის გაზრდილი ხელფასები დაამტკიცა.
თელავის მერის ხელფასი 500 ლარით გაიზარდა, საკრებულოს თავმჯდომარის 450-ით, სოფლებში მერის წარმომადგენლების კი 200 ლარით.
ხელფასები გაეზარდათ სხვა რანგის წარმომადგენლებსაც.
გადაწყვეტილებას დაპირისპირება მოჰყვა "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს შორის. პროექტს მხარი არ დაუჭირა "ნაციონალურმა მოძრაობამ". ოპოზიცია 10% ზრდის ნაცვლად, სკოლებში უფასო კვების დაწესებას მოითხოვდა.
საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით კი, საქართველოში ეკონომიის ზრდის თითქმის 10%-იანი მაჩვენებელი ფიქსირდება, ამიტომ ზრდა არაა პრობლემა.
"ხელფასების მატება ხდება რატომ - ქვეყანაში არის ძალიან მკვეთრი ეკონომიკური ზრდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იცვლება საბაზისო განაკვეთი, არ იცვლება კოეფიციენტი. ეს რას ნიშნავს, საბაზისო განაკვეთი მიბმულია ეკონომიკურ ზრდასთან, ჩვენს ქვეყანას ჰქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა 10%-იან ნიშნულს გადააჭარბა. აქედან გამომდინარე, ამას არანაირი პოლიტიკური მდგენელი არ აქვს, ეს არის ის, რომ ქვეყანასთან ერთად ვითარდება საჯარო სექტორიც, კერძო სექტორიც და ყველა ის პროექტიც, რომელიც ხორციელდება", - თქვა თელავის საკრებულოს თავმჯდომარემ, თენგიზ მთავრელიშვილმა.
ავტორი: ია გულიაშვილი