"ფულის ტომრები" მაჟორიტარებად - ივანიშვილმა ძველი ბიზნესმენები ახლებით ჩაანაცვლა

გამოქვეყნდა:

ზაზა დუგლაძე - პოლიტიკაში 1 დღის წასული ბიზნესმენი "ოცნებამ" ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელა.

ზაზა დუგლაძე უკვე წლებია ბიძინა ივანიშვილის ძმის ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორია. დუგლაძეების ღვინის კომპანიაში  23 -23 % იან წილებს ფლობენ, კომპანია" აისი ინკში" კი ზაზა დუგლაძეს 34% ეკუთვნის, ალექსანდრე ივანიშვილს კი 33% 

ზაზა დუგლაძე ქართული ოცნების გულუხვი შემომწირველიცაა. ბოლოს 2 თვის წინ, მაისში ოცნებისთვის 25 ათასი ლარი გადარიცხა. 2016 წლიდან დღემდე კი "ოცნების" სალაროში 115 ათასი ლარი აქვს შეტანილი. ოპოზიცია ამბობს, რომ ივანიშვილი მანკიერ პრაქტიკას არ ეშვება და ბიზნესიდან ე.წ. ფულის ტომრებს პოლიტიკაში აქტიურად იყენებს.

პოლიტიკაში პირველად მოსინჯავს ძალებს ბიზნესმენი ბეჟან წაქაძეც. ის ოცნების კანდიდატი იქნება ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის ოლქში. 

წაქაძის ბიზნეს კაპიტალი არც ისე მცირეა. ფლობს სამშენებლო კომპანია GDG -ის 50%-იან წილს და ამავდროულად კომპანიასაც თვითონ ხელმძღვანელობს. მისი საკუთრებაა კომპანია "მაგნოლია". არის დავით ტატიშვილის ცენტრის, "ლა გრანდე დიმორას" და "სოლიდის" მეწილეც. ირკვევა რომ მოსწონდა სალომე ზურაბიშვილი და საპრეზიდენტო არჩვენების მეორე ტურზე, 2018 წლის დეკემბერში ზურაბიშვილს 60 ათასი ლარი გადაურიცხა.

ბიზნესმენი ანტონ ობოლაშვილია "ოცნების" არჩევანი ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის ოლქში. პოლიტიკაში მეორე დღეა რაც მოვიდა, მაგრამ ბიზნესში 16 წელია მოღვაწეობს. ის ფარმაცევტული კომპანია "გლობალფარმის" დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელია. 

გლობალფარმი მედიკამენტების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია ქვეყანაში და ძირითადად საბითუმო ვაჭრობის მიმართულებით ოპერირებს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ანტონ ობოლაშვილს ეკუთვნის მესხეთი-2004, წილებს კი კომპანიებში - "პარკლაინსა" და "ჯეომედიცინში" ფლობს. რა გეგმებით მიდის პოლიტიკაში ჯერ მედიასთან არ უსაუბრია და არც თავის ოლქში საარჩევნო კამპანია არ დაუწყია. 

"ოცნებამ" ახალი ბიზნესმენები დაიმატა, მაგრამ ნაწილი გუნდიდანაც გაუშვა. ბიძინა ივანიშვილმა თამაშგარე მდგომაროებაში დატოვა ოთხგზის მოწვევის პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი. 

მმართველი პარტიის გადაწყვეტილებაზე დღეს განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა რამდენიმე კვირის წინ ამბობდა რომ მაჟორიტარობას მეხუთედაც აპირებდა. ირკვევა რომ დღესაც იგივე პოზიციაზე რჩება და დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით დმანისის, ბოლნისის, თეთრიწყაროსა და წალკის ოლქში მონაწილეობას მიიღებს. როგორც ჩანს ოქრიაშვილისა და  ივანიშვილის გზები საკონსტიტუციო ცვლილებების გამო გაიყარა. კახა ოქრიაშვილმა არცერთ ეტაპზე პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა. 

კახა ოქრიაშვილი  პოლიტიკურ გეგმებზე ოფიციალურ განაცხადს ორ დღეში გააკეთებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი