"ქართულმა ოცნებამ" რეგიონის ყველაზე გავლენიანი სახელმწიფო მოხელეები არჩევნებზე კანდიდატებად დაასახელა. ჩინოვნიკები მაღალ თანამდებობეს ტოვებენ და პარლამენტში გადასვლას გეგმავენ.
გუბერნატორობის ორწლიანი პერიოდი გიორგი ხოჯევანიშვილს პარტიამ დაუფასა. ის "ქართული ოცნების" რიგებიდან ერთი მიზეზით გამოარჩიეს. იმედი აქვთ, რომ 35 წლის ახალგაზრდა პოლიტიკოსს ამომრჩეველი მხარს დაუჭერს და რწმუნებულის სავარძლიდან საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს.
თავად გორისა და კასპის უკვე წარდგენილ კანდიდატს ეჭვი არ ეპარება, რომ შემოდგომის არჩევნებში კონკურენტი არ ეყოლება.
ჯერ კიდევ მოქმედი გუბერნატორის და უკვე "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის თავდაჯერებულობის მიუხედავად, მისი ოპონენტები სხვა მინიშნებებს აკეთებენ. ბიძინა ივანიშვილის პარტიამ არჩევანი შიდა ქართლის რწმუნებულზე მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ წინასაარჩევნო პერიოოდში სახელმწიფომ არსებული რესურსის გამოყენება მარტივად შეძლოს.
მოქმედი გუბერნატორის გვარი კარგად იციან რეგიონში. სწორედ გიორგი ხოჯევანიშვილთანაა დაკავშირებული არაერთი ბიზნეს-გარიგება.
2018 წლის საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს "ფრუტ ექსპორტ კომპანის" 100%-იანი წილის მფლობელი გიორგი ხოჯევანიშვილია. სწორედ ეს კომოპანიაა გორში ერთადერთი მსხვილი საწარმო, რომელსაც ატამი და ვაშლი ბაზარზე გააქვს. სანდო წყარო "მთავარს" უყვება, რომ მისი კომპანიის გვერდის ავლით თითქმის შეუძლებელია რეგიონში ხილით საბითუმო ვაჭრობა. მის სახელს უკავშირდება ასევე კავშირები რუსულ კომპანიასთანაც, წილებსა და ბიზნეს-კავშირებს თავად გუბერნატორიც არ უარყოფს.
კანონმდებლობასთან რომ წინააღმდეგობაში არ მოსულიყო, გუბერნატორ ხოჯევანიშვილს ბევრი არ უფიქრია სად წაეღო კომპანიის 100%-იანი წილი. გიორგი ხოჯევანიშვილმა "ფრუტ ექსპორტ კოპმპანია" საკუთარ ბიძაშვილს გადაუფორმა. სატელეფონო ინტერვიუში სიმონ ხოჯევანიშვილი გვიდასტურებს, რომ კომპანია ახლა მისია და მეორე სეზონია, ქვეყნის შიგნით დიდი ოდენობის ხილით ამარაგებს ბაზარს. გორსა და კასპში ყველამ იცის, რომ მის უკან გუბერნატორის არაპირდაპირი გავლენები განუსაზღვრელია.
ხოჯევანიშვილი ერთადერთი გუბერნატორი არ არის, რომელიც "ოცნებამ" შემოდგომის არჩევნებისთვის მაჟორიტარად წარადგინა. მცხეთა-მთიანეთის რწმუნებული შალვა კერესელიძე ერთ-ერთია, ვინც ფლობს ქონებას და ავსებს ოფიციალურ დეკლარაციას, თუმცა სახელმწიფო რწმუნებულმა, რომლის სახელზეც ფიქსირდება შპს "შაკოს" წილები, ეს ოფიციალურ დოკუმენტში არ აღრიცხა.
დღეს თავად კერესელიძე გუბერნიის შენობაში იმყოფებოდა, თუმცა როდესაც გაიგო, რომ მასთან შეკითხვები "მთავარ არხს" ჰქონდა, კომენტარისთვის აღარ გამოვიდა. გუბერნატორს პასუხი არ აქვს, თუ რატომ დაარღვია კანონი და დამალა შემოსავლები.
"ქართული ოცნების" სახელით მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს კიდევ ერთი გუბერნატორი, ალექსანდე მოწერელია. საჯარო მოხელის თანამდებობა მისთვის შემაფერხებელი ფაქტორი არ აღმოჩნდა, რომ ბიზნეს საქმიანობა ეწარმოებინა. სახელმწიფო რწმუნებული ფლობს წილებს სამ კომპანიაში და 65 ათას კვადრატულ მეტრამდე მიწას ყვარლის მუნიციპალიოტეტში. მოწერელიას ოპონენტები ამბობენ, რომ მისი რჩეულობა მის ხასიათს უკავშირდება: აკეთოს ფული არაკანონიერი გზით და იყოს საკუთარი პარტიის მორჩილებაში.
გუბერნატორების ქონებრივი მდომარეობა და მათი კავშირები ბიზნეს სექტორთან "გამჭვირვალობამ" შეისწავლა, მათი ფიგურა კი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც "ქართული ოცნების" ლიდერებმა მათი ნაწილი საარჩევნოდ გამოარჩია და მაჟორიტარობის კანდიდატებად წარადგინა. არასამთავრობო ორგანიზაცია მიანიშნებს, რომ ამ გადაწყვეტილებით "ქართული ოცნება" ადასტურებს, რომ უდიდესი პოლიტიკური კრიზისის წინაშე იმყოფება.
საპარლამენტო არჩევნებამდე სამ თვეზე მეტია დარჩენილი, მანამდე კიდევ რამდენიმე კვირა აქვთ მოქმედ გუბერნატორებს, რათა საკუთარ ამომრჩეველს თავი წარუდგინონ, ყველა სახელმწიფო პროექტი კი გაკეთებულ საქმედ ჩაიწერონ ანგარიშზე.