არ დაუშვათ "ლაგუნასთან" ცათამბჯენების აშენება - სამოქალაქო საზოგადოება მერიასა და საკრებულოს

გამოქვეყნდა:

19 არასამთავრობო ორგანიზაცია და სამოქალაქო საზოგადოება "ლაგუნა ვერეს" მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერიის მიერ დაანონსებული პროექტის განხორციელებას დაუშვებლად მიიჩნევს და მისი შეწყვეტის მოთხოვნით, მერისა და საკრებულოს მიმართავს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროექტის წარდგენისას მერმა კახა კალაძემ იდეა საჯაროდ მოიწონა და მისი განხორციელების გარანტიები შექმნა.

სამოქალაქო საზოგადოება თბილისის მერიას მოუწოდებს, რომ უარი უთხრას კერძო პირს წარმოდგენილი საპროექტო წინადადების განხილვასა და გეგმარებით დავალების გაცემაზე, ხოლო თბილისის საკრებულოს მიმართავს, რომ არ დაუშვან პროექტთან დაკავშირებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმება და ზოალური ცვლილებების განხორციელება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პროექტის იდეა შეუთავებელია თბილისის ისტორიულ ნაწილთან:

"საპროექტო არეალი თბილისის ისტორიული ნაწილის განაშენიანების  რეგულირების ზონაშია მოქცეული. “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონი” ითხოვს, ამ ტერიტორიაზე ისტორიულად ჩამოყალიბებული და ახალი განაშენიანების ჰარმონიულად შერწყმის უზრუნველყოფას, რაც წარმოუდგენელია ცათამბჯენების ტიპის მასშტაბური მშენებლობის შემთხვევაში. თავად კერძო პირის მიერ წარმოდგენილი სახელოვნებათმცოდნეო დასკვნა, რომელიც, მათ შორის, გეგმარებითი დავალების გაცემის საფუძველია, მიუღებლად მიიჩნევს ამ ტერიტორიაზე აქტიურ ვერტიკალურ განვითარებას. შესაბამისად, გაუგებარია, რის საფუძველზეა შესაძლებელი ამ განაცხადის განხილვის გაგრძელება 

კერძო პირის შემოთავაზება, “ლაგუნა ვერეს” საცურაო აუზის მუნიციპალურ საკუთრებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, ვერ დააბალანსებს თბილისის ისტორიული ნაწილისკენ მიმართულ საფრთხეებს, არამედ გამოკვეთს ფაქტს, რომ მესაკუთრის მხრიდან ქონების მიტოვების შედეგად განადგურებული საჯარო სივრცის აღდგენა, კვლავ ბიუჯეტს დააწვება ტვირთად. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ  ამ ფაქტის გასაჯაროების გამო აუზზე დასაქმებული ადამიანი, სრულიად უსამართლოდ, მედიასთან ინტერვიუს შემდეგ, გაათავისუფლეს  სამსახურიდან.

პროექტის იდეა შეუთავსებელია ქალაქგეგმარებით სტანდარტებთან და სატრანსპორტო გადატვირთვის საფრთხეებს ქმნის:

"კერძო პირი, მშენებლობის განსახორციელებლად ითხოვს, როგორც ზონალური შეთანხმების გაფორმებას, ისე ტერიტორიაზე არსებული სარეკრეაციო ზონა 2-ის ცვლილებას, საზოგადოებრივ საქმიანი ზონით. ასევე ძალიან ბუნდოვნადაა წარმოდგენილი და არ არის ნათელი, დამატებით, გაიზრდება თუ არა სამშენებლო კოეფიციენტები. კანონმდებლობის თანახმად, ამგვარი გამონაკლისის დაშვება, არა თუ კერძო პირის ინტერესზე მოსარგებად, არამედ მხოლოდ კანონით განსაზღვრულ, დასაბუთებულ შემთხვევებშია შესაძლებელი. წარმოდგენილ საპროექტო წინადადებაში არ არის დასაბუთებული საგამონაკლისო შემთხვევების არსებობა, არამედ დაუფარავადაა გაცხადებული, რომ ამ გამონაკლისების დაშვების გარეშე, მიზნობრივი მშენებლობის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა.

მნიშვნელოვანია, რომ საპროექტო იდეის განხორციელება კიდევ უფრო დაამძიმებს ამ ტერიტორიაზე არსებულ ისედაც რთულ სატრანსპორტო პრობლემებს. განაცხადში, რისკად არის შეფასებული მშენებლობის პროცესში სამშენებლო მანქანების მიერ სატრანსპორტო გადატვირთულობის გამოწვევა. პროექტის განხორციელების შემთხვევაში კი, გათვალისწინებული 1000 საცხოვრებელი ერთეულის, პარკინგისა და კომერციული სივრცეების სრული დატვირთვით ამუშავება, პრაქტიკულად აღარ ტოვებს ტერიტორიაზე ნორმალური გადაადგილების შესაძლებლობას.

ხელმოწერები:

  1. ღია საზოგადოების ფონდი
  2. მოძრაობა”ტალღა”
  3. საქართველოს ეროვნული ფონდი
  4. “ეკო ცენტრი”
  5. ირაკლი ჟვანია, არქიტექტორი, ქალაქმგეგმარებელი
  6. საზოგადოება “ბათომი”
  7. ნინი ფალავანდიშვილი, ხელოვნებათმცოდნე, კურატორი
  8. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
  9. მწვანე ალტერნატივა
  10. ურბანული განვითარების ინსტიტუტი
  11. ნატალია ნებიერიძე, არქიტექტორი
  12. ნანა ზაზანაშვლი, არქიტექტორი
  13. თამარ ამაშუკელი, ხელოვნებათმცოდნე
  14. ICOMOS საქართველო
  15. სამოქალაქო მოძრაობა “მე ვარ ქალაქი”
  16. გურიის სამოქალაქო ცენტრი
  17. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  18. მანანა თევზაძე – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტი
  19. მწვანეები
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი