13 საათი არჩევნებამდე - ბოლო სამზადისი, განცხადებები, ბრალდებები და მძიმე წინასაარჩევნო კამპანიის დასასრული

გამოქვეყნდა:

დაძაბული წინასაარჩევნო კამპანია კულმინაციას აღწევს. ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნების დაწყებამდე ზუსტად 13 საათი რჩება. ნიკა მელია,ლევან ხაბეიშვილი,ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე -  პარტიის 50 ათასამდე ამომრჩეველმა ამ ოთხ კანდიდატს შორის უნდა აირჩიოს ვის ანდობს მთავარი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელობას.

ვინ შეძლებს რჩეული კანდიდატისთვის ხმის მიცემას  დილამდე უნდა დაზუსტდეს. პარტიაში სპეციალური საარჩევნო კომისიის სხდომა დღეს, საღამოს 10 საათზეა ჩანიშნული, სადაც ამომრჩეველთა სიის საბოლოო რაოდენობას კენჭს უყრიან. გაფილტვრის შედეგად, ტროლ-ბოტები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

ნაციონალური უძრაობიდან ნაციონალურ მოძრაობამდე - ასეთია ლევან ხაბეიშვილის გზავნილი არჩევნებამდე ერთი დღით ადრე. თავმჯდომარეობის კანდიდატი გამარჯვებაში დარწმუნებულია, ამიტომ დღეს პარტიის გაძლიერების 12 პუნქტიანი გეგმა წარადგინა. თუ ხაბეიშვილი გაიმარჯვებს პარტიის გენერალურ მდივნად პეტრე ცისკარიშვილი დარჩება, ოპონენტებს კი როგორც კანდიდატი ამბობს, პარტიიდან არ გაუშვებს და მათთან ერთად მუშაობისთვის მზად არის.

ყველა კანდიდატი გამარჯვებაში დარწმუნებულია, თუმცა არც მეორე ტურის შესაძლებლობას გამორიცხავენ.

წინასაარჩევნო კამპანიამ ნაციონალურ მოძრაობაში მძიმე დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. დაპირისპირებული ბანაკებიდან  ბრალდებები არაფორმალურ მმართველობასა და უმოქმედობაზე ისმის,  მოახერხებს თუ არა პარტია არჩევნების შემდეგ გაერთიანებას, ეს არის კითხვა, რომელზეც ახლა ყველა ცდილობს ზოგადი პასუხი გასცეს.

ვინ ჩაიბარებს ნაციონალურ მოძრაობას სავარაუდოდ 30 იანვარს გახდება ცნობილი მას შემდეგ,რაც კენჭისყრის პროცესი შეწყდება. შემდეგი პოლიტიკური პროცესი კი აჩვენებს დასუსტდა თუ კიდევ უფრო გაძლიერდა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია შიდა არჩევნებით, რომელმაც უმძიმესი ბრალდებების ფონზე ჩაიარა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი