კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კვლავ კახა ბექაურის ხელშია - ოლიგარქ ივანიშვილთან დაახლოებული ბექაური კომისიის თავმჯდომარედ მესამედ უკონკურენტო არჩევნების შედეგად აირჩიეს. საპარლამენტო უმრავლესობამ საგანგებოდ შეიტანა ცვლილებები კანონში იმისათვის რომ ქართული ოცნების ხელში ცენზურის იარაღად ქცეული კომისიის ხელმძღვანელის თანამდებობა ბექაურს კიდევ ერთხელ დაეკავებინა.
ქართული ოცნების პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი უწყების ხელმძღვანელი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია მენეჯერების კრიტიკის ტალღას ბრალდებებით პასუხობს და კრიტიკოსებს კომისიის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია არ არის ერთადერთი უწყება, სადაც არჩევნები ერთკანდიდატიანი იყო. ბოლო სამ თვეში სასწავლო დაწესებულებებსა თუ საბიუჯეტო ორგანიზაციებში არჩევნები უკონკურენტო წესით ჩატარდა. მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევის დროს მხოლოდ ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი იყვნენ მსურველები. მსგავსი უკონკურენტო არჩევნები ჩატარდა კალათბურთისა და ფეხბურთის ფედერაციაში. ერთკანდიდატიანი არჩევნები იყო როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამხატვრო აკადემიაში, რასაც სპეციალისტები ავტორიტარიზმად აფასებენ.