
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ახალი შეტევებისთვის ემზადება, რომელიც შესაძლოა, 2023 წლის თებერვალში ან მარტში დაიწყოს. ამის შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) Bloomberg-ზე დაყრდნობით წერს.
ISW-ის ინფორმაციით, კრემლის შიდა წყაროებმა მედიას განუცხადეს, რომ პუტინი ცდილობს განახორციელოს დიდი შეტევები და მას სჯერა, რომ მიუხედავად წარუმატებლობისა, რუსეთის ტოლერანტობა მსხვერპლთა მიღებისადმი, რუსეთს ომის მოგების საშუალებას მისცემს გრძელვადიან პერსპექტივაში.
ომის კვლევის ინსტიტუტი ასევე აღნიშნავს, რომ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, შეესაბამება ISW-ის ადრინდელ შეფასებას, რომ მომდევნო 6 თვეში კრემლი, სავარაუდოდ, ლუგანსკის ოლქში, გადამწყვეტი სტრატეგიული მოქმედების განსახორციელებლად ემზადება, რაც მიზნად ისახავს დაიბრუნოს ინიციატივა და დაასრულოს უკრაინის ოპერაციული წარმატებების ამჟამინდელი სერია.
ანალიტიკოსების აზრით, ბოლო დროს რუსეთის მხრიდან ზაპოროჟიეში შეზღუდული თავდასხმები, შესაძლოა მიმართული იყოს უკრაინული ძალების დასაშლელად და ლუგანსკის რეგიონში შეტევისთვის.
ISW-ის ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალი შეტევები ბელარუსის მხრიდან ჩრდილოეთ უკრაინაზე განხორციელდეს, რადგან კვლავ არ არსებობს რაიმე მინიშნება, რომ რუსული ძალები ჯგუფებს ბელორუსიდან თავდასხმისთვის ემზადებიან.