ტენესის შტატის ქალაქ მემფისში მომხდარი შემთხვევის გამო ხუთ პოლიციელს ბრალი წარუდგინეს. გავრცელებული ინფორმაციითა და ვიდეომასალის მიხედვით, სამართალდამცავებმა მოქალაქე სცემეს, რის შედეგადაც ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ვიდეოში ჩანს, რომ დაპატიმრების დროს 29 წლის ტაიერ ნიკოლსი პოლიციელებს წინააღმდეგობას არ უწევს და მიუხედავად ამისა პოლიციელები მასზე ფიზიკურად ძალადობენ.
მომხდარის გამო მემფისში საპროტესტო აქციები დაიწყო. დემონსტრაციები გაიმართა შეერთებული შტატების სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში.