ჩეხეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, გადამდგარმა გენერალმა, პეტრ პაველმა გაიმარჯვა. მედიის ცნობით, მას ხმა ამომრჩეველთა 57,95%-მა მისცა.
ამომრჩეველთა 42,04%-ის მხარდაჭერა მიიღო ექსპრემიერმა, 68 წლის მილიარდერმა ანდრეი ბაბიშმა.
პეტრ პაველი ჩეხეთის რესპუბლიკის არმიის გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი და ნატოს სამხედრო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარეა.
მას არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა ჩეხეთის პრემიერმინისტრმა პეტრ ფიალამ და ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. ფიალას აზრით, პაველი არის ის, ვისაც კონფლიქტების მოგვარება შეუძლია და არა მათი გაღვივება.
პეტრ პაველს გამარჯვება უკვე მიულოცა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა და აღნიშნა, რომ მისი გამოცდილება უსაფრთხოების, თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობების სფეროში, ძვირფასი იქნება უკრაინის მხარდასაჭერად, ევროპის ერთიანობის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ოფიციალურ მონაცემებს სახელმწიფო საარჩევნო კომისია სამშაბათს გამოაცხადებს.
ჩეხეთის პრეზიდენტს 2013 წლიდან მოსახლეობა 5 წლის ვადით ირჩევს. ქვეყნის პირველი პირდაპირ არჩეული პრეზიდენტი 2013 წელს მილოშ ზემანი გახდა, რომელსაც ჩეხეთის მოსახლეობამ მხარი 2018 წელსაც დაუჭირა და ის ქვეყნის პრეზიდენტი ორი ვადით, 10 წლის განმავლობაში იყო. ზემანს ახლა პაველი შეცვლის.