ქუთაისის მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი დირექტორის და სამხატვრო ხელმძღვანელის გარეშეა დარჩენილი.
“მთავარის” იმერეთის კორესპონდენტის ინფორმაციით, სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი თავაძემ პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა, რომელიც მინისტრმა დააკმაყოფილა, თუმცა წყაროს ინფორმაციით, თავაძეს განცხადება საკუთარი სურვილით არ დაუწერია და მას თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს. მოქმედი კანონმდებლობით, სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან ვადაზე ადრე წასვლის შემდეგ თეატრის დირექტორს უფლებამოსილება უჩერდება. შესაბამისად, ამ დროისთვის მესხიშვილის თეატრი ხელმძღვანელობის გარეშეა დარჩენილი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა ქუთაისში, როცა კულტურის სფეროს წარმომადგენლები თანამდებობას “საკუთარი სურვილით” ტოვებენ. გასულ წელს მინისტრმა წულუკიანმა თანამდებობის დატოვება მოსთხოვა ასევე ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორს თორნიკე მარჯანიშვილს, რომელიც პოსტიდან წავიდა.
მინისტრი დღეს ქუთაისში “ტესტოსტერონის” პრემიერას დაესწრო. ტრადიციულად ქუთაისში მისი ვიზიტის შესახებს მედია ინფორმირებული არ იყო.
რეჟისორი გიორგი თავაძე ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად გასული წლის მარტში დაინიშნა.
“პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თავაძე აღნიშნულ პოზიციაზე ოთხი წლის ვადით უნდა ყოფილიყო.