კენჭისყრის დასრულებამდე 13 საათი რჩება - "ნაციონალური მოძრაობა" ახალ თავმჯდომარეს ირჩევს. პირველი მონაცემები უკვე დილის 10 საათისთვის იქნება ცნობილი, როცა ელექტრონული ხმის მიცემის პროცესი დაიხურება. მანამდე კი კენჭისყრისთვის რეგისტრირებული ამომრჩევლის დიდმა ნაწილმა საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა.
ეს არჩევნები ბევრი მიზეზის გამო აღმოჩნდა საყურადღებოც და სკანდალურიც. ხმის მიცემის ინოვაციურ მეთოდლოგიასთან ერთად ვნახეთ თანაგუნდელებისა და ბევრი წლების ბრძოლაში გამოწრთობილი თანამებრძოლების ძალიან მწვავე ურთიერთბრალდებები, ჩანაწერები, წამოძახებები და ა.შ. მოკლედ ყველაფერი ის, რისი დანახვა და მოსმენა ნამდვილად არ იყო სასიამოვნო ამ პარტიის ერთგული მხარდამჭერებისთვის.
და მაინც, იმის მიუხედავად, რა შედეგები დაფიქსირედება ხვალ დილით, ამ ბრალდებების და მწვავე განცხადებების ავტორები ისევ თანაპარტიელებად დარჩებიან და ერთად უნდა გააგრძელონ მუშაობა იმ მიზნისთვის, რასაც ოლიგარქიის დასრულება, და ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ რელსებზე დაყენება ჰქვია.
როგორც შეიძლება ეს მოხდეს ამ ბრალდებების კამპანიის შემდეგ - ამას ძალიან მალე ვნახავთ. მანამდე კი მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისი - სადაც ახლა გაცხარებული საარჩევნო პროცესი მიდის. მათ შორის იყო მცირე შეფერხებაც, ჰაკერული თავადასხვის მცდელობაც, ერთი სიტყვით დრამა ელექტრონულ სივრცეშიც გრძელდება.