
"ქართული ოცნების" დეპუტატის, გია ვოლსკის აზრით,"ნაციონალური მოძრაობის" "რევოლუციური გეგმის" საუკეთესო აღმსრულებლად დავით კეზერაშვილი შეარჩიეს. ასე გამოეხმაურა ის პარტიის თავმჯდომარის არჩევნების შედეგებს.
ვოლსკის თქმით, საზოგადოება უყურებს თუ როგორ იქმნება რევოლუციური კომიტეტი, ერთ დროს საკმაოდ მძლავრი პოლიტიკური პარტიის ნანგრევებზე.
"ფაქტობრივად, თვალყურს ვადევნებთ პროცესს, როგორ მიაქვს კონკრეტული პარტია კეზერაშვილს თავის დაქვემდებარებაში, ხაბეიშვილი შეარჩია, როგორც თავისი წარმომადგენელი, წინ წამოსწია და მხარი დაუჭირა. არ ვიცი, როგორ ჩატარდა არჩევნები, ამის შეფასებას ნუ დამაწყებინებთ, მაგრამ ფაქტია, რომ ერთ დროს საკმაოდ მძლავრი პოლიტიკური პარტიის ნანგრევებზე იქმნება რევოლუციური კომიტეტი, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური და არაოფიციალური განცხადებები მეტყველებს იმაზე, რომ აქ საუბარი არ იქნება იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველო სხვადასხვა მიმართულებით,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა 52,58%-ით გაიმარჯვა.