
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია "მთავარი არხის" ჟურნალისტის, ბექა ყორშიას სიუჟეტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს მათი დისკრედიტაციის მორიგი პროვოკაციული მდელობა იყო. უწყება პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ მათ პრესსამსახურს შეიძლება მინისტრის მოადგილემ დაავალოს, თუ რა უპასუხოს რომელიმე მედიის წარმომადგენელს.
უწყება ამტკიცებს, რომ "ძალიან მალე" ახალციხელებს თანამედროვე სტანდარტების საცურაო აუზი ექნებათ და მისი მშენებლობის სამუშაოებიც, "უახლოეს ხანში" გაგრძელდება, თუმცა თარიღს არ აკონკრეტებს.
მერიის მტკიცებით, მიუთითებდა თუ არა ვინმე მერიის თანამშრომელს, რომ კითხვა პროვოკაციული იყო და აუზი შენდება, ჟურნალისტი მაინც იგივე პასუხს მიიღებდა. იხილეთ განცხადება სრულად:
"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა გამოვეხმაუროთ დეზინფორმაციის გავრცელებისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის დისკრედიტაციის მორიგ პროვოკაციულ მცდელობას, რომლის ავტორიც ბექა ყორშიაა.
ძალიან მალე ახალციხელებს თანამედროვე სტანდარტების საცურაო აუზი ექნებათ, აუზის სამშენებლო სამუშაოები უახლოეს ხანში გაგრძელდება, ტენდერის შედეგად უკვე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია. პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
როგორც ფეიკსიუჟეტიდან გამოჩნდა, ჟურნალისტის მიზანს არ წარმოადგენდა პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება და თავიდანვე ორიენტირებული იყო მერიის და მისი თანამშრომლების დისკრედიტაციაზე, რაც პირველი შემთხვევა არ არის.
კითხვა რომ პროვოკაციული იყო და აუზიც შენდება, ამას მიუთითებდა თუ არა ვინმე მერიის თანამშრომელს, ჟურნალისტი მაინც იგივე პასუხს მიიღებდა. ბექა ყორშიას მხრიდან, მდარე ხარისხის პროვოკაციული “ექსპერიმენტი” განხორციელდა.
და ბოლოს, საზოგადოება კარგად ხედავს თუ რა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება მიმდინარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტში, შესაბამისად ვერანაირი ფეიკნიუსები და პროვოკაციები ვერ გადაფარავენ ამ სიკეთეებს".
ცნობისთვის, ჟურნალისტმა ბექა ყორშიამ ახალციხის მერიაში დარეკა და უწყების პრესსამსახურის წარმომადგენელს გაეცნო, როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანაშემწე. მან მერიის წარმომადგენელს უთხრა, რომ ახალციხის აუზთან დაკავშირებით "მთავარი არხიდან" მერიაში ჟურნალისტი დარეკავდა, რომლისთვისაც ეპასუხათ - "კითხვა პროვოკაციულია, აუზი შენდება". რამდენიმე წუთის შემდეგ ჟურნალისტის კითხვას იგივენაირად უპასუხა პრესსამსახურმა და დამატებით კითხვებს თავი აარიდა.
იხილეთ ბექა ყორშიას სიუჟეტი: