
საქართველოს პრემირმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის კანცლერს კარლ ნეჰამერს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მათ ერთობლივი კომენტარი გააკეთეს მედიასთან.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მან ავსტრიის კანცლერთან შეხვედრაზე უკრაინასში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, უკრაინაში ომი არის უდიდესი გამოწვევა დღეს ევროპის კონტინენტზე, ასეთი მასშტაბის კრიზისი არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რაც რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პრობლემაა მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, მსოფლიოსთვის და ასევე ჩვენი რეგიონისთვის.
მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას აქვს თავისი პრობლემები, ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. 2008 წლის ომი, იყო დამანგრეველი ჩვენი ქვეყნისთვის, ამის შედეგია ე.წ. აღიარება ჩვენი ისტორიული ტერიტორიების, აფხაზეთის, სამაჩაბლოს და დღემდე გრძელდება აღნიშნული ოკუპაცია, რაც ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა.
ჩვენ ამ გამოწვევას ვპასუხობთ სწორი, გონივრული პოლიტიკით. ჩვენ მოვახერხეთ ბოლო 10 წელიწადში ის, რომ საქართველოში გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიუკურ განვითარება", - თქვა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილის თქმით, შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე. ღარიბაშვილის თქმით, ბოლო 10 წელში საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე ყველა შესაძლო პროგრესს მიაღწია.
"ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო 10 წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია ყველა შესაძლო პროგრესს, რაც ჩვენ შეგვეძძლო მიგვეღო 10 წელიწადში.
ეს არის ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც გავაფორმეთ ევროპასთან, უვიზო მიმოსვლა და ახლა უკვე ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა შარშან, ივნისში, სადაც ნათლად დადასტურდა ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა,
მე ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ავსტრიას, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს და პირადად ბატონ კანცლერს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ავსტრიის მხარდაჭერას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ახლა უკვე ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მიმართ", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციებს. ღარიბაშვილის მტკიცებით, 12 რეკომენდაციიდან უმეტესობა უკვე შესრულებულია.