შაქარაშვილის საქმე - ადგილობრივმა დარაჯმა სათვალთვალო კამერები მოხსნა და ჩანაწერების გაყიდვას აპირებდა

გამოქვეყნდა:

კიდევ ერთი ახალი დეტალი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში - ირკვევა, რომ შპს "ელდორადოს" დარაჯმა თვითნებურად მოხსნა სათვალთავლო კამერები, ამოიღო ჩანაწერები და მკვლელობის ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულების გაყიდვას აპირებდა. მეტიც, დარაჯი, რომელმაც მტკიცებულებებით ღია ვაჭრობა გამოაცხადა, შემთხვევის ადგილთან ახლოს ცხოვრობს - იქ, სადაც ჩერდებიან აღნიშნული მანქანები, იწყება დევნა და იქ, სადაც დაიმალა ფოტოგრაფი. 

დარაჯის, ნუგზარ ოთარაშვილის თქმით, მან ვიდეოკამერები მოხსნა, რადგან უთხრეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებული იყო და ვინაიდან დარაჯს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, იგი ჩანაწერების გაყიდვას გეგმავდა.

დარაჯი გამოკითხვისას ამბობს, რომ მასთან არავის ჰქონია კომუნიკაცია.

დიახ, მე ვიცოდი, რომ აღნიშნულ კამერებზე ჩაწერილიიყო 2020 წლის 18-19 ივნისს გ.შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მაგრამ, მაინც ვაპირებდი მათ გასხვისებას, ვინაიდან ჩემთვის უცნობი იყო, რომ მე არ შემეძლო მათი გასხვისება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მე არავინ დამკავშირებია და არ უთქვამს, რომ მისთვის მიმეყიდა ზემოაღნიშნული კამერის შესაბამისი მოწყობილობა ჩამწერთან ერთად - წერია გამოკითხვის ოქმში.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი კამერა, რომელიც დარაჯმა მოხსნა, პირდაპირ უყურებდა იმ ხიდს, სადაც გიორგი შაქარაშვილი და მისი მეგობრები გარბოდნენ.

ჩანაწერები უკვე წაიღო საგამოძიებო უწყებამ. ნუგზარ ოთარაშვილის დაკითხვის დეტალები შაქარაშვილის საქმის მე-20 ტომშია შეტანილი.

რატომ დააგვიანა გამოძიებამ აღნიშნული ჩანაწერების ამოღება და რა კადრებია ასახული ვიდეომასალებში, ჯერჯერობით უცნობი რჩება.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი ზუსტად ერთი თვის წინ, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი