
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი აპირებს, რომ თეთრიწყაროში, იმ ადგილას წავიდეს, სადაც გარდაცვლილი გოგონა იპოვნეს. ოჯახის წევრებმა არ იციან დეტალები, თუ რა ვითარებაშია ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის პოვნამდე ოჯახი, ახლობლებთან ერთად აპირებდნენ, სამძებრო სამუშაოებში საკუთარი ძალებით ჩართულიყვნენ, თუმცა საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლის ზარის შემდეგ, რომელმაც მამას უთხრა შეყოვნებულიყვნენ ისინი აღარ გაემგზავრნენ თეთრიწყაროში. სწორედ ამ ზარის შემდეგ გაიგო ოჯახმა ბაჩალიაშვილის გარდაცვალების შესახებ.
ხუთი დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი დღეს იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, 23 წლის პროგრამისტის ცხედარი ტყეში, მისივე ავტომობილში აღმოაჩინეს. ბაჩალიაშვილს ბოლო დღეების განმავლობაში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ეძებდნენ.
ოჯახმა გოგოს გარდაცვალების შესახებ 22 ივლის შუადღეს შეიტყო.
ცხედარი, სავარაუდოდ, იმ ტერიტორიაზე იპოვეს, სადაც ბოლო 5 დღის განმავლობაში ძებნა მიმდინარეობდა. უცნობია, თუ რატომ ვერ მოხერხდა მისი აქამდე აღმოჩენა.
შეგახსენებთ, ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს.ოჯახის ინფორმაციით, მას თან მხოლოდ პირადი ნივთები - მობილური ტელეფონი, საფულე და პირადობის მოწმობა ჰქონდა.