ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ამჟამად მკვლელობაში ბრალდებულ ბიკე კასიმოვას პროცესი მიმდინარეობს. პროცესს მეგობრის მკვლელობაში ბრალდებული ქალი ადვოკატთან ერთად ესწრება. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ ცნობს.
პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს გარდაცვლილი ელისო ჩეჩელაშვილის დედას. ის დაკავებულის კანონის უმკაცრესი წესით გასამართლებას მოითხოვს.
დაკავებულს გამოძიება 109-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით ედავება, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში განსაკუთრებული სისასტიკით გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ სასტიკი მკვლელობა ქუთაისში 19 ივლისს მოხდა. 30 წლამდე ქალი მეზობლებმა მოკლული იპოვნეს. ადგილობრივების თქმით, ქალი რამდენიმე წუთის განმავლობაში შველას ითხოვდა, მას შემდეგ კი, რაც ხმაური შეწყდა, დაახლოებით ორ საათში, მეზობლები მის სახლში ავიდნენ, თუმცა პასუხი არავინ გასცათ. ამის შემდეგ მაშველები გამოიძახეს, თუმცა პოლიციის მოსვლამდე ტრაგედიის ადგილზე არავინ შესულა, რადგან მოქმედი კანონმდებლობით, პოლიციის გარეშე კარის შემტვრევა დაუშვებელია. სახლის კარი მხოლოდ სამართალდამცავების მოსვლის შემდეგ შეამტვრიეს. ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი დახვდათ.
ბიკე კასიმოვასთან ერთად დაკავებულია ორი პირი, რომელთაც პოლიციისთვის ინფორმაციის შეუტყობინებლობაში ედებათ ბრალი.