
ძვირფასო კოლეგებო და ქართველებო, რომლებიც გვისმენთ. საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დგას. ევროკომისია მალე შეაფასებს 12 რეკომენდაციას და იმას, თუ როგორ შეასრულა ისინი მთავრობამ. შესაძლოა, გზის ბოლოს მათ მართლაც ელოდებოდეთ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ჩვენ მაინც ვხედავთ პრობლემებს, რომლებიც გადაუჭრელია. ჩვენ ვხედავთ მცდელობებს დეოლიგარქიზაციის მიმართულებით, მაგრამ ასევე გვესმის საქართველოს მთავრობის მხრიდან სპეკულაციები, თუ კონკრეტულად რომელ ადამიანებს უნდა შეეხოს ეს კანონი, რაც იმის დასტურია, რომ ასეთი კანონი პრობლემას ვერ მოაგვარებს. კიდევ ერთი პრობლემა არის პოლარიზაცია, როგორც პოლიტიკური სპექტრის, ასევე საზოგადოებისა და მე ვერ ვხედავ სიტუაციის გაუმჯობესების ნიშნებს, უფრო პირიქით: რაც უფრო გრძელდება ბრძოლა, მით უფრო მეტი დეზინფორმაციით ხდება ამ ბრძოლის წახალისება. ჩვენ ყველას გვინდა, რომ სწორედ ამაზე გამახვილდეს ყურადღება. მაგრამ მიხეილ სააკაშვილის პრობლემა იმდენად ყოვლისმომცველია, რომ უბრალოდ შეუძლებელია სხვა რამეზე ყურადღების გადატანა. აქ არ არის შეთქმულების თეორიების ადგილი. ჩვენ ფულს არ გვიხდის ენმ და არც სააკაშვილს ვყავართ მოსყიდულები. დიახ, ესეც გამიგია. ჩვენ ეს საკითხი გვანაღვლებს, იმიტომ რომ ეს არის პოლიტიზირებული საქმეა და ადამიანი კვდება ციხეში. ამიტომ, მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ იფიქროს მხოლოდ პოლიტიკური ქულების მოპოვებაზე სააკაშვილის ციხეში დატოვებით, არამედ ასევე იფიქროს დაკარგულ ქულებზე, რადგან დღეს ჩვენ აქ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უნდა ვლაპარაკობდეთ.
- თქვა ჩეხმა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგორევამ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გამართულ დებატებზე, რომელიც ევროპარლამენტში ტარდება.