
ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორიმ ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და მიეცეს სათანადო მკურნალობის კურსის გავლის საშუალება.
"ამ დარბაზში ყველამ ვიხილეთ, რამდენად ღრმა პოლარიზაციაა საქართველოში და ეს დიდი პრობლემაა და ეს ყველაფერი ახლა ბატონი სააკაშვილის სიტუაციის გარშემო ტრიალებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს სიტუაცია შეგნებულად იქნა პროვოცირებული. ყველა ვურჩევდით ბატონ სააკაშვილს, არ დაბრუნებულიყო უკანონოდ ქვეყანაში, მაგრამ მან ეს მაინც გააკეთა საარჩევნო კამპანიის პერიოდში, რის გამოც ახლა ჩვენ ვინც მას ვურჩევდით, რომ არ დაბრუნებულიყო, იძულებულები ვართ, რაღაცა გავაკეთოთ. მიუხედავად ამისა, მე და ჩემი ჯგუფი იმ აზრზე ვართ, რომ უნდა მოხდეს ბატონ სააკაშვილის პატიმრობის შეჩერება, რათა მან სათანადო მკურნალობა გაიაროს საზღვარგარეთ. გარდა ამისა, ეს შეუწყობდა ხელს საქართველოში პოლარიზაციის შემცირებასა და სიტუაციის ნორმალიზებას, რათა ქვეყანა ისევ დადგეს ევროკავშირისკენ მიმავალ რელსებზე." ამბობს ევროპარლამენტარი.
დღეს ევროდეპუტატებმა ბრიუსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით, დებატები გამართეს. ყველა გამომსვლელის მოწოდება იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლებაა და რომ ეს ყველაფერი ქვეყნის ევროპულ კურსზე გავლენას იქონიებს.