
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი სოფლის, ჩორჩანის სიახლოვეს, ოკუპირებულ წნელისში იმყოფებოდა.
ალან გაგლოევი ე.წ. მესაზღვრეებს შეხვდა, რომლებმაც საოკუპაციო ხაზზე საინფორმაციო ნიშნები და ბანერები დაამაგრეს.
"სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის კგბ-ს სასაზღვრო სამსახური მნიშვნელოვან როლს ასრულებს რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოებისა და ჩვენი მოქალაქეების სიმშვიდის უზრუნველყოფაში. ადგილზე სიტუაციის გაცნობის შემდეგ შემიძლია დამაკმაყოფილებლად შევაფასო მათი პირობები. რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომლებსაც ეტაპობრივად განვიხილავთ. სამშობლოს დაცვა - ეს რთული, მაგრამ კეთილშობილი საქმეა", - თქვა გაგლოევმა.
სოფელ ჩორჩანასთან საქართველოს ხელისუფლებამ 2019 წელს საპოლიციო საგუშაგო განათავსა, რომლის გაუქმებასაც საოკუპაციო რეჟიმი დღემდე ითხოვს. ოკუპირებულ წნელისში კი საპასუხოდ ორი საგუშაგო მოქმედებს.