უკრაინაში ქრთამის აღებისთვის საჯარო მოხელე დააკავეს - $5 000-ის სანაცვლოდ, წვევამდელს ჯარიდან გათავისუფლებას დაჰპირდა 

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სამხედრო-სამედიცინო კომისიის უფროსის მოადგილე სისტემურ კორუფციაში ამხილეს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. 

ირკვევა, რომ ქრთამის სანაცვლოდ ის წვევამდელს "სთავაზობდა“ სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებას საომარი მდგომარეობის პირობებში. ამ სქემით მან 5 000 დოლარი აიღო. 

სამართალდამცავებმა უკანონო მოგების პირველი ნაწილის 2,5 ათასი დოლარის ოდენობის გადაცემის ფაქტი დააფიქსირეს. ქრთამის მეორე ნაწილის მიღებისას კი ის დააკავეს. 

"ამ თანხისთვის თანამშრომელი წვევამდელს დაჰპირდა კომისიის დასკვნას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, სამხედრო სამსახურისთვის უვარგისობის შესახებ, რასაც მოჰყვებოდა სამხედრო კომისარიატში რეესტრიდან ამოღება",- ნათქვამია განცხადებაში. 

უკრაინული მედიის ცნობით, კორუმპირებული თანამდებობის პირის ოფისსა და სახლში ჩხრეკისას სამართალდამცაველებმა აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით ნაღდი ფული სხვადასხვა ვალუტაში, საერთო ჯამში 5 მილიონ გრივნაზე მეტი. დამნაშავეს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი