
მიხეილ სააკაშვილის საქმე საფრანგეთის ხელისუფლების ყურადღების ცენტრშია - ეს არის მთავარი გზავნილი წერილისა, რომელიც საფრანგეთის საგარეო უწყებიდან "მთავარმა არხმა" მიიღო.
ოფიციალური პარიზის გამოხმაურება მოყვა საფრანგეთის კულტურის, ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლების ერთობლივ გზავნილს.
დღეს საფრანგეთის საგარეო უწყება უდასტურებს "მთავარ არხს", რომ მიმართვა ადრესატამდე მივიდა და საგარეო უწყება აკვირდება მოვლენების განვითარებას.
"ჩვენ შეშფოთებით გავეცანით ინფორმაციას ციხეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. სწორედ ამიტომ, ჩვენმა ელჩმა ევროპელ კოლეგებთან ერთად, საქართველოს იუსტიციის მინისტრს მოუწოდა, ყურადღება მიაქციოს ყოფილ პრეზიდენტის პატიმრობის პირობებს. ჩვენ გავაგრძელებთ დაკვირვებას მიმდინარე სასამართლო პროცესზე, რომელმაც უნდა დაადგინოს, შეიძლება თუ არა, დაინტერესებული პირის სასჯელის აღსრულება სამედიცინო მიზეზების გამო გადაიდოს." ნათქვამია გამოგზავნილ წერილში
რამდენიმე კვირის წინ, "მთავარმა არხმა" გააშუქა ფრანგული საზოგადოების წარმომადგენლების მიმართვა პრეზიდენტ მაკრონისადმი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის მოთხოვნაზე იყო საუბარი.
ავტორი: მაიკო გოგსაძე