"მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე მედიაციის პროცესში პოლონეთის პრეზიდენტი და დიპკორპუსია ჩართული" - ფოტიგა

გამოქვეყნდა:

"იმედი მაქვს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გათავისუფლდება. პოლონური დიპლომატია და პრეზიდენტი ჩართულია საქართველოს ხელისუფლებასთან შუამავლობაში" - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

"მრავალი წელია მიხეილ სააკაშვილთან კონტაქტი მაქვს. მისი პატიმრობის შემდეგ, მასთან ირიბად, ოჯახისა და წერილების მეშვეობით ვკონტაქტობ. მე მას საქართველოში გამგზავრებამდე სტრასბურგშიც შევხვდი. მე არ ვყოფილვარ იმ ადამიანებს შორის, ვინც მას ურჩევდა თბილისში არ დაბრუნებულიყო. ყველას აქვს უფლება დაბრუნდეს თავის სამშობლოში. სიმართლე გითხრათ, მე მივიჩნიე, რომ ამ კალიბრის პოლიტიკოსი თავად აკეთებს არჩევანს და აფასებს საფრთხეებს.

როგორც ჩანს, მისთვის ციხეში ყოფნა საშინელი გამოცდილებაა. თვეების განმავლობაში ჩვენ ვიბრძოდით ევროპარლამენტის მრავალპარტიულ ჯგუფში, რომ ჰუმანიტარული ნიშნით გათავისუფლდეს და საზღვარგარეთ მკურნალობის უფლება მიეცეს. სტრასბურგში ევროპარლამენტის ბოლო სესიაზე, მე ვუმასპინძლე მის ოჯახს, მათ შორის მის შვილს", - თქვა ფოტიგამ.

მედიასთან საუბრისას ფოტიგამ აღნიშნა, რომ ადვოკატების თქმით, მას არასწორ მედიკამენტებს აძლევენ: "რთულია იმის თქმა განზრახ ხდებოდა თუ არა ეს. ნებისმიერ შემთხვევაში, მათ ნეგატიური გავლენა იქონიეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, რომელიც დადასტურდა სამედიცინო დიაგნოზით", - თქვა ევროპარლამენტარმა.

ანა ფოტიგამ ინტერვიუში აღნიშნა, რომ პოლონური დიპლომატია და პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ჩართული არიან ამ საქმესთან დაკავშირებით მედიაციაში, რათა სააკაშვილის მკურნალობა პოლონეთში ან მის მიერ არჩეულ სხვა ქვეყანაში იყოს შესაძლებელი.

 

"საქართველოში ჩემი ბოლო ვიზიტისას, მე ორჯერ ვცადე მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა, თუმცა ორივეჯერ უარი მითხრეს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში, მე შესაძლებლობა მქონდა შევხვედროდი სხვა დაპატიმრებულ პოლიტიკოსებს, რომლებიც შემდგომ გაათავისუფლეს. მე მინდა საქართველო დასავლური სამყაროს ნაწილი იყოს. ეს საზოგადოება არ იმსახურებს პუტინის მძევლად ყოფნას, - აღნიშნა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი