
დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში, რუსი ოკუპანტები მათივე ჩადენილი ომის დანაშაულების კვალს შლიან, რაც იმაში გამოიხატება, რომ დანგრეული სახლების ნანგრევებთან ერთად, დაღუპული ადამიანების ცხედრებსაც ანადგურებენ.
„რუსეთის ფედერაციამ ჩაიდინა ყველაზე სასტიკი დანაშაული ქალაქ მარიუპოლის ტერიტორიაზე, გაანადგურა საცხოვრებლების 50%. დღეს რუსეთის ფედერაცია მასიურად შლის ომის დანაშაულების კვალს, რადგან ესმის, რომ უახლოეს მომავალში უკრაინის შეიარაღებული ძალები დაიწყებენ კონტრშეტევას და გაათავისუფლებენ მარიუპოლს", - ამბობს ქალაქის მერი, ვადიმ ბოიჩენკო.
მისი თქმით, რუსმა დამპყრობლებმა დანგრეული 1300 სახლიდან 1000-ის დემონტაჟი უკვე დაასრულეს და თუ ადრე ნანგრევებიდან ამოჰყავდათ ადამიანების ცხედრები, ახლა შენობების ნაშთებთან ერთად, ცხედრებსაც ყრიან.
რუსეთის აგრესიამ მარიუპოლში ერთ-ერთი უდიდესი ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია. ქალაქის თითქმის 90% განადგურდა მასიური დაბომბვების შედეგად.