ქვეყანაში პოლიტიკური და პარტიების კრიზისია. პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური გაერთიანებების მიმართ კი ტოტალური უნდობლობაა. კითხვაზე რომელი პარტია დგას თქვენ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს 39 % ამბობს რომ ასეთი არცერთი პარტია არაა. თუ ამ მონაცემს მოსახლეობის იმ ნაწილს დავუმატებთ, ვინც უარს აცხადებს პასუხზე ან არ იცის რომელი პარტია შეიძლება იყოს მის პრობლემების მომგვარებელი, ჯამი 56% გამოდის. კვლევა, ამერიკის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა დეკემბერში ჩაატარა. მისი ერთ -ერთი მთავარი მიგნება ისიცაა რომ ეკონომიკურ სიდუხჭირეში მცხოვრები ადამიანები, ვინც გადარჩენისთვის იბრძვიან, ნაკლებად უჭერენ მხარს „ქართულ ოცნებას”, მაგრამ, არც ოპოზიციის იმედი აქვთ.
NDI-ს მონაცემებიდან კი მთავარი დასკვნა, პირველ რიგში, როგორც სოციოლოგები ამბობენ, ოპოზიციამ უნდა გამოიტანოს; რომ მათ ამომრჩეველთან მუშაობა და ნდობის აღდგენა სჭირდებათ, რადგან მოსახლეობა ოცნების ხელისუფლების პოლიტიკის, განსაკუთრებით ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილებას არ მალავს და მათი უმთავრესი დაკვეთა - ცვლილებებია.