მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს – გელათს ვკარგავთ. მხატვრობის არასწორი კონსერვაცია, არასწორად მოწყობილი საცრემლეები, გამომარილება და ფერწერული ფენის განშრევება - ეს არასრული ჩამონათვალია იმ სისტემური პრობლემებისა, რომელიც მონასტერს აქვს.
დასკვნა საპატრიარქოს დაკვეთით, კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულმა კვლევითმა ცენტრმა მოამზადა. 38 გვერდიან დოკუმენტში, რომელსაც ვიზუალური მასალაც თან ახლავს, წერია რომ გელათის მონასტრის მართვას ფუნდამენტური პრობლემები აქვს. გადაწყვეტილებები კი უკიდურესად ცენტრალიზებულად და გაუმჭვირვალედ მიიღება. ცენტრის ამ დასკვნის შემდეგ თეა წულუკიანი წყობიდან ისე გამოვიდა, რომ მისსავე თანამშრომლებს არაკომპეტენტურები უწოდა და დასკვნას კი - „პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფის მოსაზრებების კრებული დაარქვა.
ოცნების უცვლელმა მინისტრმა ესეც არ იკმარა და კვლევით ცენტრში სამინისტროს აუდიტი შემოწმებაზე შეუშვა.
გადაწყვეტილებებს რომ წულუკიანი ერთპიროვნულად იღებს, ეს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ერთი ძეგლის რესტავრაციას უკავშირდება. კვლევით ცენტრს უკვე რამდენიმე თვეა არ ეძლევა უფლება ჯვრის მონასტერზე სარესტავრაციო სამუშაოების მუშაობა დაიწყოს.