საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა - საკარანტინო ზონებში მოთავსებული მოქალაქეები კი გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის მესამე შემთხვევა საქართველოში გვიან ღამით დაფიქსირდა. ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ცოტახნის წინ ირანში მოგზაურობდა, „კოვიდ 19“ დაუფიქსირდა.

ახალგაზრდა მამაკაცი ირანის შემდეგ აზერბაიჯანში იმყოფებოდა და საქართველოში შემოსვლას აზერბაიჯანიდან აპირებდა, როდესაც მას საზღვარზე ტემპერატურა დაუფიქსირდა. ვისთან და რამდენად ხშირი  კონტაქტი ჰქონდა ახალგაზრდა მამაკაცს აზერბაიჯანში, დაავადებათა კონტროლის ცენტრში კონტაქტში მყოფ პირების იდენტიფიცირებაზე მუშაობენ.

მაშინ, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული უკვე მესამე შემთხვევა გამოვლინდა, სახელმწიფოს ერთიანი სტრატეგია კვლავ არ აქვს და საკარანტინო ზონებს გზადაგზა სახელდახელოდ აწყობს. ერთ-ერთი საკარანტინო ზონა გუშინ სამედიცინო ცენტრ „ვივა მედში“ მოეწყო. ცენტრი, რომელიც 3 წელია დაკეტილია, სპეციალურად კარანტინისთვის გააღეს და ინფექციური საავადმყოფოდან 28 პაციენტი გვიან ღამით შეასახლეს. პაციენტები პანიკაში არიან და იმ გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ, რაც სამედიცინო ცენტრში დახვდათ.

სიცივე, ექიმების უყურადღებობა და არასაკმარისი კვება - გაუსაძლის პირობებს პაციენტების ახლობლების პროტესტი მოჰყვა. დილიდან სამედიცინო ცენტრთან ნათესავები იყვნენ შეკრებილი. კონფლიქტი ახლობლებსა და დირექტორს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორმა მედიასთან განაცხადა, რომ პაციენტები იდეალურ პირობებში არიან, არც სცივათ და სამჯერადი კვება აქვთ.

„მთავარი არხის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ მასალაში 2 პაციენტი ყვება, რომ მას შემდეგ, რაც ისინი ირანიდან ჩამოვიდნენ, სასწრაფომ ისინი ჯერ ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, შემდეგ მეორეში, ახლა კი ქუთაისიდან თბილისში გადმოჰყავთ.

აბასთუმანში მივდიოდით დანგრეული ავტობუსით... მიგვატოვეს მერე „ლანცეტში“, - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მორიგი რეისი იტალიიდან დღის 4-ის ნახევარზე დაეშვა. მგზავრების შემოწმების შემდეგ 2 პაციენტი გორის და ქუთაისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კი ამ დროისთვის ბოქსირებულ პალატებში 40-მდე პაციენტია მოთავსებული. ლაბორატორიული კვლევის შედეგებს დღის ბოლოს ელოდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი