შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის განცხადებით, "მხატვრის მიერ ეროვნული გალერეის დაზიანების შედეგები აღმოფხვრილია". საუბარია, გალერეაში მხატვარ სანდრო სულაბერიძის მიერ გაკეთებულ წარწერაზე - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია".
გალერეის განცხადებაში წერია, რომ სულაბერიძემ ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცის კედელი დააზიანა.
"მხატვრის მიერ ეროვნული გალერეის დაზიანების შედეგები აღმოფხვრილია.
4 თებერვალს, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში კულტურის ცენტრ „ათინათის“ გამოფენა „ავტოპორტრეტი სარკესთან“ გაიხსნა (კურატორი ქეთევან შავგულიძე).
გამოფენის გახსნისას, გამოფენის ერთ-ერთმა მონაწილე მხატვარმა, სანდრო სულაბერიძემ, გამოფენაში მონაწილეობა გადაიფიქრა (კედლიდან საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა) და შესასხურებელი საღებავით წარწერა გააკეთა, რითაც დააზიანა ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრცის კედელი.
ამ დროისთვის, „ათინათის” მიერ კედლის პირვანდელი იერსახე აღდგენილია და გამოფენა ნორმალურ პირობებში მიმდინარეობს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ცნობისთვის, 4 თებერვალს ეროვნულ გალერეაში, სადაც გამოფენა გაიხსნა, ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევრები ჩამოხსნა და მის ნაცვლად კედელზე წარწერა დატოვა - "ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია".