მიხეილ სააკაშვილის პროცესის პარალელურად, 6 თებერვალს, 17:00 საათზე, საქალაქო სასამართლოსთან აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

ხვალ, 6 თებერვალს, 17:00 საათზე, საქალაქო სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ახლადდამტკიცებულმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის რიგით მე-10 ყრილობაზე ისაუბრა. 

"პარტიის ყრილობაზე დამტკიცდა პარტიის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, აირჩა ახალი პოლიტიკური საბჭო და ვაკანტური დარჩა პოლიტსაბჭოს უმრავლესობა, რომელიც არჩევითი იქნება. შესაბამისად, ყველას შეუძლია ჩაერთოს ამ შიდაპარტიულ არჩევნებში.

ეს გადაწყვეტილებები დაჩქარებულ წესით იმიტომ მოხდა, რომ პარტიამ სწრაფად გააგრძელოს ფუნქციონირება, მათ შორის, არ შეექმნას ბიუროკრატიული პრობლემები. დღეს ყველა ეს ბიუროკრატიული პრობლემა გადაჭრილია, პარტია ხვალიდან სტრუქტურულად დაიწყებს მუშაობას. მე პირობა მივეცი რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, ჩვენს ხალხს, ვინც ელოდება პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას, რომ დავიწყებთ მოქმედებას. პირველი 1 თვე დავკავდები ამ ლოჯისტიკის დალაგებით, ამასობაში, ცხადია, პარალელურად უმნიშვნელოვანესია პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ამიტომ ხვალ, 17:00 საათზე ყველას სასამართლოსთან გელოდებით“, - ამბობს ხაბეიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე ხვალ სხდომა 17:00 საათზე, დასკვნითი სიტყვებით განახლდება, რის შემდეგაც მოსამართლე, სავარაუდოდ, სათათბიროდ გავა. უცნობია, ხვალვე გამოაცხადებს თუ არა გიორგი არევაძე მის გადაწყვეტილებას ამ საქმეზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი