
მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საქმეზე განაჩენის მოლოდინშია მიხეილ სააკაშვილის ოჯახი. მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი მოსამართლე გიორგი არევაძეს მოუწოდებს დადგეს სიკეთის მხარეს და გაუძლოს ზეწოლას.
"კიდევ ერთხელ მივმართავ ბატონ გიორგი არევაძეს, გადადის სიკეთის მხარეს, გადადით სინათლის მხარეს, იმ ზეწოლიდან, რომელიც აშკარად მასზე არსებობს და მასზე ხდება ზემოქმედება ალბათ ყოველდღიური, ყოველ საათობრივი, წამიერი და წუთობრივი, გადადგას ვაჟკაცური ნაბიჯი. თუ ის ასეთ ნაბიჯს გადადგამს, ის გადადგამს ნაბიჯს არა მარტო მიშას სიცოცხლის შენარჩუნებისათვის, არამედ გადადგამს ნაბიჯს მთელი საქართველოსათვის", - თქვა ნიკოლოზ სააკაშვილმა.
მესამე პრეზიდენტის ძმის, გიორგი სააკაშვილის თქმით, სურს სჯეროდეს, რომ მოსამართლე ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს. მისივე განცხადებით, ოჯახი საჭიროების შემთხვევაში საქმეს სტრასბურგში გაასაჩივრებს.
ცნობისთვის, დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 17:00 საათზე გაიმართება. სხდომაზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები უნდა თქვან.