პოლონეთი მზადაა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადასაყვანად თვითმფრინავი გამოგზავნოს - ხაჭაპურიძე

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, პოლონეთმა მზადყოფნა გამოთქვა საქართველოში გამოგზავნოს სპეციალური სამედიცინო თვითმფრინავი, თუ სასამართლო მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის გადაწყვეტილებას მიიღებს. 

ხაჭაპურიძე ამბობს, რომ სურთ დღევანდელ სხდომაზე დააყენონ შუამდგომლობა გასვლითი სხდომის ჩატარებაზე, რათა მოსამართლე გიორგი არევაძემ საკუთარი თვალით ნახოს მიხეილ სააკაშვილი.

"ნახოს თვითონ პირადად მოსამართლემ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ნახოს პირადად სააკაშვილი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე, მას უნდა, რომ ან თამარ დავარაშვილი, ან ზურაბ ჩხაიძე იქნეს დაკითხული სასამართლო პროცესზე, იმიტომ, რომ მეორე მხარემ მოგეხსენებათ მოხსნა მათი მთავარი მოწმეები. წარმოდგენილია ჩვენი მტკიცებულებები, ექსპერტიზის დასკვნები და მათი მხრიდან არავინ არ არის, იმიტომ რომ ქალბატონმა ნინომ თქვა რომ არის მენეჯერი და საქმის დეტალები, ავადმყოფობის ისტორიაში რა წერია, დეტალურად მისთვის ცნობილი არ არის. 

პოლონეთმა გამოთქვა მზადყოფნა, რომ სამედიცინო თვითმფრინავი გამოაგზავნოს, რათა მოხდეს მისი სწრაფი გადაყვანა სამედიცინო წესების დაცვით", - თქვა ხაჭაპურიძემ. 

მისი განცხადებით, ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი გერმანიაში უნდა გადაიყვანონ.

ცნობისთვის, სხდომა მესამე პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საქმეზე დღეს, 17:00 საათზეა ჩანიშნული. პროცესზე მხარეებმა დასკვნითი სიტყვები უნდა თქვან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი