საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ორგანოში მედიისთვის ქცევის ახალი წესები დაამტკიცა. შეიცვალა აკრედიტაციის პირობებიც.
ახალი წესები პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარადგინა:
"რაც შეეხება წესებს საქმიანობის, ესენი გახლავთ: ხელი არ შეუშალოს პარლამენტში მიმდინარე ღონისძიებების მსვლელობას; წინასწარი ნებართვის გარეშე არ გადაიღოს პარლამენტის წევრის ან აპარატის თანამშრომლის სამუშაო ოთახი; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ; პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის თანხმობის გარეშე არ გადაიღოს მისი დოკუმენტების, მისი ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე, რომ მასზე არსებული ინფორმაციის ან გამოსახულების აღქმა შესაძლებელი იყოს; არ დაუშვას მისი მხრიდან საქართველოს პარლამენტში მყოფი პირისადმი უხამსი, სექსისტური, დისკრიმინაციული მიმართვა ან მოქმედება; დაემორჩილოს დაცვის და მანდატურის მითითებებს, აკრედიტაცია ატაროს გამოსაჩენად და არ გადასცეს სხვა პირს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
არასამთავრობო სექტორსა და საპარლამენტო ოპოზიციაში ახალ წესებს ნეგატიურად აფასებენ და ამბობენ, რომ თავმჯდომარის ეს გადაწყვეტილება მედიის გაკონტროლების პირდაპირი მცდელობაა.