"ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, ვიბრძოლო მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად" | ნიკა მელია ენმ-ის ოფისში მივიდა

გამოქვეყნდა:

"ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, ვიბრძოლო მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია საუბრობს, რომელიც ცოტა ხნის წინ ენმ-ის ოფისში მივიდა. მისი თქმით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გადარჩენა "ეროვნული ინტერესია".

ბრაზზე ზედმეტია ლაპარაკი, როგორ შეიძლება, ვინმე იყოს კმაყოფილი ამ ქვეყანაში. ვგულისხმობ მოქალაქეებს, ვისაც სურს სტაბილური, დემოკრატიული განვითარება და ჩრდილოვანი მმართველობის დამარცხება. ჩრდილოვანი მმართველობის, რომლის დაქვემდებარებაშია, მათ შორის, სასამართლო სისტემა და სასამართლო ხელისუფლება აღასრულებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც არათუ აღმასრულებელი ხელისუფლება უკვეთავს, არამედ ჩრდილოვანი მმართველი. ამიტომ, დღეს მიხეილ სააკაშვილის მდგომარფეობა კიდევ უფრო მეტად საგანგაშო ხდება, ვინაიდან ის იმედი, რაც არსბობდა ბევრ ადამიანში, რომ შეიძლება საოცრება მოხდეს და გაეღვიძოს სინდისი "ქართულ ოცნებას", რისი შანსიც მინიმალურზე მინიმალურია...

ახლა მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია მაქსიმალურად, საზოგადოებრივი ჯგუფების, პოლიტიკური ჯგუფების... "ნაციონალური მოძრაობის" გარშემო ახლა კონსოლიდაცია არ არის ადვილი, გამომდინარე იქიდან რაც ჩვენ თავს მოხდა უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში, ნაცვლად იმისა, რომ ვყოფლიყავით მაკონსოლიდირებელი ძალა და ჩვენ მოგვეხდინა კონსოლიდაცია სხვადასხვა ძალების..., - განაცხადა მელიამ. 

შეგახსენებთ, რომ მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში დატოვა. 

მანამდე საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე სხდომა დასკვნითი სიტყვებით განახლდა. გადაწყვეტილება კი მოსამართლე არევაძემ სწორედ ადვოკატებისა და პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების მოსმენის შემდეგ გამოაცხადა.

არევაძის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ენმ-ის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მხარდამჭერებს პარტიის ოფისში შეკრებისკენ მოუწოდა, სადაც ის საგანგებო განცხადების გაკეთებას და სამოქმედო გეგმის წარდგენასაც აპირებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი