ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო საქმიანობას ოფიციალურად წყვეტს - ამის შესახებ განცხადება პარლამენტში, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა გააკეთა. ბეჟაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვებით, ქვეყანაში გაფორმდა რუსული ოლიგარქიული რეჟიმის მიერ მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამების, არაადამიანური მოპყრობისა და განზრახ მკვლელობის ფაქტი.
"ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ სასამართლო ფიქცია და პოლიტიკური შურისძიების იარაღია" -განაცხადა ბეჟაშვილმა მოსამართლე არევაძის გუშინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელმაც მესამე პრეზიდენტს საზღვარგარეთ მკურნალობის უფლება არ მისცა და პატიმრობაში დატოვა.
"ეს გადაწყვეტილება არის რუსული რევანში საქართველოს წარმატების სიმბოლოზე-მიხეილ სააკაშვილზე"- აცხადებს ბეჟაშვილი. ენმ-ში თვლიან, რომ სასამართლოს პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის წინააღმდეგაა მიმართული, რადგან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, დასავლელი პარტნიორების მხრიდან უკავშირდებოდა სამართლებრივ მოლოდინებს.
რაც შეეხება მანდატების დატოვებას, ენმ-ში არც ამას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას კონსულტაციების შედეგად მიიღებენ:
"ფრაქცია ენმ იღებს გადაწყვეტილებას და აღარ მიიღებს საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას, რაც გულისხმობს არც სესიებზე დასწრებას, არც საკომიტეტო მოსმენებზე. იმავდროულად, პარტია და ფრაქცია გააგრძელებს კონსულტაციებს პროტესტის კიდევ უფრო მძიმე ფორმებზე -საუბარია მანდატების დატოვებაზე და ამ საკითხზე კონსულტაციები გვექნება ევროპელ პარტნიორებთან, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან." განაცხადა ბეჟაშვილმა.
შეგახსენებთ, საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს "სტრატეგია აღმაშენებელიც".