
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებაზე პასუხისმგებლობას ოჯახს აკისრებს და მათ მოუწოდებს, "სააკაშვილს სათანადო კალორაჟის საკვები მიაწოდონ".
კობახიძე ამ კომენტარით სახელმწიფო დეპარტამენტისა და დასავლელი ლიდერების განცხადებას გამოეხმაურა, რომლებიც მიხეილ სააკაშვილზე პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობას აკისრებენ.
კობახიძე ამტკიცებს, რომ სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს, თუმცა ოჯახს თავისი პასუხისმგებლობა აქვს.
"ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ ოჯახის წევრებს, რომ სათანადო კალორაჟის საკვები მიაწოდონ მიხეილ სააკაშვილს, ეს არის ერთადერთი რაც ჩვენ შეგვიძლია რომ გავაკეთოთ. რაც შეეხება სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, სახელმწიფო მოქმედებს სწორედ საკუთარი უპასუხისმგებლობით, ანუ ყველა შესაბამისი სამედიცინო თუ სხვა მომსახურება უზრუნველყოფილია ყველა პატიმრისთვის, მათ შორის პატიმარ სააკაშვილისთვის ესაა ჩვენი პასუხისმგებლობა. რაც შეეხება ოჯახს და საახლობლო წრეს, მათი პასუხისმგებლობაა სათანადო კალორაჟის საკვების მიწოდება. ჩვენ გვესმის, პოლიტიკურად ეს მას ასე აინტერესებს, თვითონ სააკაშვილი ითხოვს, რომ დაბალი კალორაჟის საკვები შეუტანონ, მაგრამ ოჯახს აქვს თავისი პასუხისმგებლობა, შესაბამისად ჩვენ მოვუწოდებთ ოჯახს, რომ იმოქმედონ არა სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად, არამედ მისი ობიექტური ინტერესების მიხედვით", - თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე 6 თებერვალს საქალაქო სასამართლოში ბოლო სხდომა გაიმართა. მოსამართლე გიორგი არევაძემ დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა.