ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არ დაუშვას, რომ საფრთხე შეექმნას დემოკრატიის ისეთ პრინციპებს, როგორიცაა ანგარიშვალდებულება, საჯაროობა და ღიაობა და გააუქმოს მიღებული ბრძანება, რომელიც გამოიწვევს ფორმალურ დაბრკოლებებს და საქმიანობის შეზღუდვას მედიისთვის.
განცხადება ეხება 6 თებერვლის ბრძანებას, რომლითაც განისაზღვრა საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი. აკრედიტაციის წესის თანახმად, აკრედიტებული ჟურნალისტის სხვა უფლება-მოვალეობებთან ერთად, მითითებულია შემდეგი:
"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის მიუღებელია დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციების გარეშე აკრედიტაციის წესის დამტკიცება და მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე ძალაში შესვლა. მით უფრო, რომ აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს არა მხოლოდ აკრედიტაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, არამედ, აკრედიტებული ჟურნალისტის ვალდებულებებს", - აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, ახალი წესის მიხედვით, ცალკეულ შემთხვევებში, საქართველოს პარლამენტში გასამართი “ღონისძიების სპეციფიკურობიდან ან უსაფრთხოების რეჟიმიდან” გამომდინარე, აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით შეიძლება შეიზღუდოს აკრედიტებულ ჟურნალისტთა პარლამენტის სასახლეში დაშვება, გადაადგილება ან მათი ტექნიკის გარკვეულ ადგილებში განლაგება. თუმცა დოკუმენტში არ არის მითითებული, რა შემთხვევაშია ღონისძიება “სპეციფიკური” ან როგორ განისაზღვრება “უსაფრთხოების რეჟიმი”. ქარტია ამბობს, რომ ეს ქმნის საფრთხეს, რომ მედიის შეზღუდვის მიზნით, პარლამენტის აპარატმა ჩანაწერი შეიძლება განმარტოს თავისი შეხედულებისამებრ.
"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, როდესაც მედიისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია საჯარო ინფორმაციის მიღება და მმართველი პარტიის წარმომადგენლები შერჩევითად აძლევენ ინტერვიუს მედიასაშუალებებს, მსგავსი რეგულაციების დაწესებით შეუძლებელი გახდება ინფორმაციის მოპოვება და საზოგადოებისთვის მიწოდება", - წერია განცხადებაში.
ახალი წესი დღეიდან ამოქმედდა.