
რუსეთის ტერიტორიაზე ბომბსაფარების სისტემატიური შემოწმება და განახლება მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Moscow Times ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, უკრაინაში ომის მიმდინარეობის პარალელურად, რუსეთის ხელისუფლება მილიონობით რუბლს ხარჯავს იმისთვის, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული მიტოვებული და დაზიანებული ბუნკერები კვლავ გამოსადეგი გახადონ.
"ბომბსაფრების ქსელის შემოწმების გადაწყვეტილება ხელისუფლებამ გაზაფხულზე მიიღო", - ამბობს ერთ-ერთი წყარო გამოცემასთან საუბრისას.
მისივე ინფორმაციით, ბრძანება საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრომ, თავდაცვის სამინისტრომ და სხვა სამინისტროებმა გასცეს.
რუს მაღალჩინოსნებს ბუნკერების შემოწმების შესახებ საჯაროდ არ გაუვრცელებიათ განცხადება. ცნობები სამოქალაქო თავდაცვის ქსელების რეაბილიტაციის შესახებ მანამდე არაოფიციალურად ვრცელდებოდა. ეს კი პირველი შემთხვევაა, როცა რუსმა ოფიციალურმა პირებმა The Moscow Times-თან ნამდვილად დაადასტურეს, რომ ბომბსაფარების რეაბილიტაცია მთავრობის ბრძანებით მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, კრასნოდარის ოლქში ბუნკერების რეაბილიტაციისთვის 6 მილიონი რუბლი ($260,000) დაიხარჯება, ამავდროულად 50 მილიონი რუბლი ($712,000) დაიხარჯება ბომბსაფარების რეაბილიტაციისთვის ნიჟნი ნოვგოროდში და თითქმის მილიონი რუბლით ($14,240) დაფინანსდება ბუნკერის რესტავრაცია ქალაქ რიაზანში.
"არავის დასჭირვებია [ბომბსაფარი] საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მაგრამ ახლა, ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაციის გამო, კრემლმა ბრძანება გასცა, რომ ყველაფერი მოგვარდეს", - ამბობს ერთ-ერთ მაღალჩინოსანი.