
ამ წუთებში კანცელარიასთან მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქცია იმართება. აქციაზე იკრიბებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები.
აქციის დაწყებამდე განცხადება გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა. მისი თქმით, საპროტესტო აქციები გაიმართება როგორც დედაქალაქში, ისე ქვეყნის სხვა ქალაქებსა და რაიონებში.
როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, 21:00 საათზე პარტიაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება, მხარდამჭერებს ინფორმაციას მიაწვდიან, სად და როდის გაიმართება შემდეგი აქციები.
"პროტესტი იქნება ყველგან, სადაც ეს ადამიანები იქნებიან და მშვიდობიანად, ლაღად, როგორც აქამდე აკეთებდნენ სხვადასხვა ადგილებში შეკრებას, სხვადასხვა ადგილებში ბრიფინგების გამართვას, ასე ვერ იქნება და ვერ გაგრძელდება. ასევე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, დღეს 21:00 საათზე საგანგებო განცხადება გაკეთდება პარტიაში და საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით სხვადასხვა რაიონში, ქალაქში კონკრეტულ ლოკაციებს, საათებს, კონკრეტულ დღეებს ცხადია ხვალიდან. პროტესტი იქნება ყველგან, მათ შორის დედაქალაქში, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სახლთან, მათ შორის ღარიბაშვილთან, ბრეგაძესთან, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, მათ შორის სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ვართ ასეთ მდგომარეობაში, როცა პუტინის დავალებით კლავენ პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა.