
"40-კაციანი შეკრება გამართეს... ნაცმოძრაობის ტელევიზიებში ცდილობენ ჭიქაში ქარიშხალის დატრიალებას" - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნაციონალური მოძრაობის მიერ გამართულ აქციებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ის ამბობს იმასაც, რომ ქვეყანაში მშვიდობაა, რისი შედეგიც "ორმაგი ეკონომიკური ზრდაა".
მგონია, რომ დაძაბული საერთოდ არ არის სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში. იყო გარკვეული მცდელობა ხელოვნურად დაეძაბათ ვითარება, თუმცა ნახეთ, რომ 40-კაციანი შეკრება გამართეს. ის რომ რომელიღაცა პოლიტიკოსის შვილების მისამართით იმუქრებიან, ეს არ არის დაძაბულობა. ეს მეტყველებს მხოლოდ ერთ რამეზე - არის ქვეყანაში პოლიტიკური ძალა და სამწუხაროდ, დღემდე, ეს არის მთავარი ოპოზიციური ძალა, რომელიც არაეთიკურად იქცევა, ცდილობს რადიკალიზმის გაღვივებას და ეს არის და ეს.
მაგრამ ჩვენ, ჩვენი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მათ რა თქმა უნდა არ ვაძლევთ რადიკალიზმის გაღვივების საშუალებას და ვითარების დაძაბვის საშუალებას. არაფერი დაძაბული არ არის სინამდვილეში ჩვენს ქვეყანაში. ქვეყანა ვითარდება სათანადოდ. ერთადერთი არის ქარშხალი ჭიქაში, რომელიც ძირითადად ტრიალებს ნაცმოძრაობის კუთვნილ ტელევიზიებში, მათ აქვთ სამი ტელევიზია და ცდილობენ ამ ქარიშხალის დატრიალებას.
სინამდვილეში, ქვეყანაში არის სიმშვიდე, მშვიდობა და ამ ყველაფრის შედეგია, რა თქმა უნდა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. მე გეთანხმებით იმაში, რომ რა თქმა უნდა იდეალური არ არის ვითარება, არის ისეთი მოცემულობა პოლიტიკურ სისტემაში რომელიც არ არის სასურველი ქვეყნის სტაბილური განვითარების მტკიცედ უზრუნველყოფისათვის. როდესაც ასეთი პოლიტიკური ძალა არის მთავარი ოპოზიციური ძალა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ასეთ დროს ქვეყნის პოლიტიკური სისტემა ბოლომდე ჯანსაღად ვერ შეფასდება, - ამბობს კობახიძე.