რუსული პროპაგანდა "ქართული ოცნების" რიტორიკაში. ირაკლი კობახიძე უკვე ღიად ალაპარაკდა სიტყვებით, რომლებსაც კრემლის რეჟიმის პოლიტიკური ლიდერები ყოველდღიურად იყენებენ. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ცდილობს დაარწმუნოს ქართული საზოგადოება იმაში, რასაც მთელ მსოფლიოს უმტკიცებს მოსკოვი - რომ რუსული არმია უკრაინასთან ომში იმარჯვებს. საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიდერი, არათუ უბრალოდ საუბრობს კრემლის არმიის უპირატესობაზე, არამედ ცდილობს ფაქტები შეუსაბამოს საკუთარ ნათქვამს და მოსახლეობა რუსეთის უძლეველობაში დაარწმუნოს.
კრემლის რიტორიკის ავანგარდში პარტიის ლიდერთან ერთად მისი კოლეგებიც არიან. "ქართულ ოცნებაში" თავმჯდომარის სიტყვები სიამოვნებით აიტაცეს და დღეს საქართველოს სახელისუფლებო პარტია ერთხმად და დაუფარავი სიამოვნებით ამტკიცებდა, რომ ომში რუსეთი იმარჯვებს. ეს განცხადებები იმდენად ღიად პრორუსული იყო, რომ ქვეყნის პრეზიდენტიც კი შეაშფოთა და დღის ბოლოს სალომე ზურაბიშვილმა უკვე მერამდენედ გააკრიტიკა "ქართული ოცნება".